მომავალი წლის ბოლოსთვის ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხანა ლილოში სატესტო რეჟიმში იმუშავებს,- ამის შესახებ საქმის კურსს პროექტის განმახორციელებელი კომპანიის "კა-დე-ვე ჯორჯიას" ხელმძღვანელმა ვაჟა სამადბეგიშვილმა განუცხადა.
"გაფორმდა ხელშეკრულება თბილისის მუნიციპალიტეტთან, გადმოგვეცა მიწა. ჩვენი მხრიდან საგარანტიო თანხა დაიდო. ჯერ ხელშეკრულება ლეგალიზებული არ არის. უნდა გაიაროს მთავრობაში ლეგალიზება, ველოდებით ამ პროცესს",- აცხადებს ვაჟა სამადბეგიშვილი.
მისივე თქმით, პროექტთან დაკავშირებით გარკვეული შენიშვნები ჰქონდა გარემოს დაცვის სამინისტროს ევროკავშირის მოთხოვნებთან თავსებადობასთან დაკავშირებით.
"ამას დაემთხვა ძველი მუნიციპალიტეტის შეცვლა, ახლის გადაბარება და ა.შ. ამიტომ პროექტის კორექტირება ჯერ ვერ მოხერხდა. ალბათ, ამ პროცესს 2 კვირა დასჭირდება მაქსიმუმ",- აცხადებს კომპანიის ხელმძღვანელი.
მისივე თქმით, "კა-დე-ვე ჯორჯიას" შერჩეული ჰყავს მშენებელი კომპანიაც და როგორც კი ხელშეკრულება ლეგალიზაციის პროცესს დაასრულებს, მშენებლობა დაიწყება.
ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის პროექტის ღირებულება 81 მილიონი დოლარია. აქვე მოეწყობა საბურავების გადამამუშავებელი ქარხანა და ამ მიმართულებით 4,5 მილიონი დოლარი ჩაიდება. იგეგმება, რომ ნარჩენების გადამუშავებიდან მიღებული ბიტუმი და დიზელი სრულად ექსპორტზე გავიდეს.
პროექტი ორ ტერიტორიას მოიცავს - ნაწილი თბილისის მუნიციპალიტეტშია, ნაწილი გარდაბნის მუნიციპალიტეტში. საუბარია, რომ კომპანია გადაამუშავებს "თბილსერვის ჯგუფის" მიერ შეგროვებულ ნარჩენებს.

























