როდის შეასრულებს სახელმწიფო საკუთარ ვალდებულებას და როდიდან დაიწყება ანაკლიის პორტთან მისასვლელი ინფრასტრუქტურის მშენებლობა კვლავ გაურკვეველია. მითუმეტეს რომ, ჯერჯერობით არც პროექტი არსებობს. უკვე მეექვსე თვეა უწყება ცდილობს ტენდერის გზით გამოავლინოს კომპანია, რომელიც პორტთან მისასვლელ გზასა და სარკინოგზო ხაზს დააპროექტებს. პირველი ტენდერი, ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს გამოცხადდა, თუმცა ის უარყოფითი შედეგით დასრულდა - ერთადერთ მონაწილე კომპანია ,,Spea Engineering S.p.A-ს“ ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაცია მიეცა. მეორე ტენდერი უკვე მიმდინარე წლის თებერვალში გამოცხადდა, ამ შემთხვევაშიც ერთი მონაწილე იყო, ხორვატული კომპანია ,,სს ინსტიტუტი იგჰ, სააქციო საზოგადოება სამოქალაქო მშენებლობის კვლევებისა და განვითარების საკითხებში", თუმცა გამარჯვებული ვერც მაშინ გამოვლინდა, - კომისიამ ტენდერის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. ამის საფუძველი კი კომპანია "ჯითის“ საჩივარი გახდა, რომელიც მან დავების საბჭოში შეიტანა და რომელიც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
ვინ არის კომპაია "ჯი თი"?
"ჯითი“ საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2016 წელს, სენაკში რეგისტრირებული კომპანიაა და მისი 100%-ის მფლობელი გიორგი ცხადაია იყო. 2018 წელს დოკუმენტაციაში ცვლილება შევიდა და მფლობელად უკვე სოსო კაკაბაძე ფიქსირდება, შეიცვალა კომპანიის იურიდიული მისამართიც და ის ამჯერად ბათუმშია რეგისტრირებული.
აღსანიშნავია კიდევ ერთი დეტალი - ვებ-პორტალ ,,ტენდერების მონიტორის“ თანახმად, კომპანიის აქტიურობა მანამდე მხოლოდ 3 ტენდერით შემოიფარგლებოდა და სამივე შემთხვევაში ტენდერი ტანსაცმელის შესყიდვაზე იყო გამოცხადებული.
პორტთან მისასვლელი ინფრასტრუტურის პროექტირებაზე ამჟამად მესამე ტენდერია გამოცხადებული, წინადადებების მიღება კი 25 ივნისს სრულდება.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფოსა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმს შორის დადებული საინვესტიციო ხელშეკრულებით ანაკლიის პორტის პროექტისთვის სახელმწიფომ უნდა განახორციელოს პორტამდე მისასვლელი გზის ინფრასტრუქტურისა და სარკინიგზო ხაზის გაყვანის სამუშაოები.