მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის აშენდება ბათუმში პირველი კუნძული

6155ef7d39213
თათია ჩაფიჩაძე
01.10.21 00:00
3741
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მშენებლობის დასრულების სავარაუდო თარიღი 2028 წელი იქნება. როგორც კომპანიის თანადამფუძნებელმა ფრიდონ ქათამაძემ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, ამ ეტაპზე ტერიტორიაზე წინასაკვლევი სამუშაოები უკვე დაწყებულია, რომელსაც სავარაუდოდ 1-1.5 წელი დასჭირდება. კვლევითი სამუშაოების შემდეგ მშენებლობა დაიწყება, რომლისთვისაც გეგმის მიხედვით 5 წელია განსაზღვრული.

„პროექტზე მუშაობა 4 წლის წინ მას შემდეგ დაიწყო, რაც ჩვენ ბათუმის შესასვლელში ბარცხანა-ბენზეს სანაპირო ზოლის აკვატორია შევისწავლეთ. საინტერესო მონაცემები იყო და იმ ფაქტორმაც რომ საქართველოში გაგვაჩნია მაღალი ხარისხის ქვოვანი მასა, რითაც უნდა მოხდეს ამ კუნძულის მოწყობა და მშენებლობა, განაპირობა პროექტის რენტაბელურობა და რეალურად განხორციელებადობა. მას შემდეგ მიმდინარეობდა პროექტის კონცეპტუალურ დიზაინზე მუშაობა, ეს არის საბოლოო ვარიანტი, რომელიც იდეალურად ესატყვისება იმ ტერიტორიას და ტექნიკურ მონაცემებს, რაც გაგვაჩნია.

ახლა უკვე შესწავლის ნაწილზე ვართ გადასულები, გუშინდელი დღიდან დავიწყეთ ბათიმეტრიის შესწავლა, მოგეხსენებათ ზღვას მიმოქცევა ახასიათებს და ამას სჭირდებოდა ხელმეორედ გადამოწმება, მალე დაიწყება გეოლოგიური შესწავლა, ზღვის ფსკერის გაბურღვები და ამ მონაცემების მიღების შემდეგ დაიწყება სამუშაო პროექტის დამზადება. პროექტს დაამზადებს საერთაშორისო საზღვაო კომპანია და ამასთან დაკავშირებით ტენდერი გვექნება. გვქონდა კონტაქტი პორტის წარმომადგენლებთანაც, გავცვალეთ ინფორმაცია. რაც შეეხება ინდუსტრიასთან სიახლოვეს, ეს არ შეგვიშლის ხელს იმიტომ, რომ მათ სერიოზული დატვირთვა არ აქვთ.

როგორც კი დასრულდება შესწავლა, დამზადდება სამუშაო პროექტი და ვფიქრობ წელიწადნახევარში უკვე დაიწყება აქტიური მშენებლობა. ყველაზე გვიან მშენებლობის დაწყებიდან კუნძულის მშენებლობას 5 წელი დასჭირდება.“ - განმარტა ქათამაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები