საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ახალი ერთობლივი საბაჟო გამშვები პუნქტი აშენდება. ინფორმაცია წერია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ანგარიშში, რომელიც მან პარლამენტში წარადგინა.
bm.ge-მ დამატებითი დეტალების გასარკვევად ფინანსთა სამინისტროს მიმართა, თუმცა, უწყებაში ამბობენ, რომ პროექტი კვლავ სამუშაო ეტაპზეა.
გასულ წელს, პროექტის დეტალებისა და მნიშვნელობის შესახებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსმა სამსონ ურიდიამ bm.ge-ის უთხრა, რომ პროექტი, დაახლოებით 5 წლის ვადაში უნდა განხორციელდეს. 20 მლნ ევროს ღირებულების პროექტზე შეთანხმება მხარეებს შორის 2021 წელს შედგა, რომელიც ძალაში 2022 წელს შევიდა.
პრემიერის ანგარიშის მიხედვით, ერთობლივი სასაზღვრო გამტარი პუნქტის პროექტის განხორციელების მიზნით, შექმნილია საქართველო-აზერბაიჯანის ერთობლივი უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი.
„საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის ახალი, ერთობლივი საბაჟო გამშვები პუნქტის მშენებლობასთან დაკავშირებით, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნების სატრანზიტო და ლოგისტიკური შესაძლებლობების განვითარებას და კიდევ უფრო გააძლიერებს რეგიონის სატრანსპორტო და სავაჭრო კავშირებს, 2023 წელს, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, შემუშავდა ერთობლივი გამტარი პუნქტის – „იფექ–იოლუ“-„აბრეშუმის გზა“ ხელშეკრულების, თანმხლები პროცედურული პროტოკოლისა და კონცეპტუალური დიზაინის პროექტები. განისაზღვრა და შესაბამის უწყებებთან შეთანხმდა ერთობლივი სგპ-ის კოორდინატები.
ერთობლივი სასაზღვრო გამტარი პუნქტის პროექტის განხორციელების მიზნით, შექმნილია საქართველო-აზერბაიჯანის ერთობლივი უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომლის ფარგლებშიც გაიმართა რამდენიმე შეხვედრა, შეთანხმდა ხელშეკრულების პროექტი, რომელიც მზად არის შიდა პროცედურებზე გასაგზავნად. მხარეებს შორის მიმდინარეობს არქიტექტურული პროექტის დამუშავება. პროექტის ცალკეული კომპონენტების მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად, თანამშრომლობა მიმდინარეობს საერთაშორისო პარტნიორებთან,“- წერია პრემიერის მოხსენებაში.