როდის ჩაირიცხება სტიქიის შედეგების საპრევენციო თანხები მუნიციპალიტეტებში? - ამ კითხვით მიმართა უმრავლესობის წევრმა, ბეჟან წაქაძემ ფინანსთა მინისტრს, რომელსაც პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.
დეპუტატმა ლაშა ხუციშვილს უთხრა, რომ მოსახლეობას უჭირს ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს.
"სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანას შემოუტია სტიქიამ. ძალიან დიდი უბედურება მოხდა ბაღდათში, აჭარის რეგიონში და ბევრ სხვა ადგილებში. ასევე, ბოლო პერიოდში გახშირებულმა ქარებმა დიდი ზარალი მიაყენა იმერეთს. ეს მოსახლეობა ყოველდღიურად ელოდება სტიქიის თანხებს. ძალიან ბევრი სახლი გადახდილია, გაუბედურებულია ხალხი და უჭირთ ყოველდღიური ცხოვრება. ამასთან დაკავშირებით მაქვს თხოვნა, როდის იქნება ეს თანხები ჩარიცხული ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში? მომხმარებელს რომ მივაწოდოთ ინფორმაცია. როდის მიეწოდება თანხა ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს, რათა ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა მოახდინონ ამ თანხის განკარგვა და დროულად გამოაცხადონ ტენდერები. მე ეჭვი არ მეპარება, რომ ეს დროულად მოხდება. გისურვებთ წარმატებას", - მიმართა წაქაძემ ფინანსთა მინისტრს.