მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როდის და რა მიმართულებით შერბილდება საბანკო რეგულაციები – გიორგი ქობულიას პასუხი

5cb2e12d996f2
დავით ჯალაღონია
14.04.19 11:28
1416
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებით, ის დრო, რაც სესხების გაცემასთან დაკავშირებით საბანკო რეგულაციების ამოქმედებიდან გავიდა, ძალიან ცოტაა მათი გავლენის შესაფასებლად. ამის შესახებ ქობულიამ გადაცემაში "Forbes კვირა" საუბრისას განაცხადა.

ამასთან, მინისტრი აღნიშნავს, რომ მაღალშემოსავლიანი მოსახლეობისთვის საკრედიტო რესურსი ისედაც ხელმისაწვდომია და ეროვნულმა ბანკმა რეგულაციებით მოსახლეობის შედარებით მოწყვლადი ფენები დაიცვა.

"რაც შეეხება ხალხს, რომელიც არის უფრო მაღალშემოსავლიანი, იქ თვითონ კოეფიციენტები, რომელიც განსაზღვრულია შემოსავალსა და სესხს შორის, რომელიც შეიძლება ადამიანმა აიღოს, ისინი ბევრად უფრო რბილია. აქ საუბარია კოეფიციენტებზე დაბალშემოსავლიანი მოსახლეობისთვის, თორემ როდესაც ადამიანს ხუთი, ექვსი და ათი ათასი აქვს შემოსავალი, აქ კოეფიციენტების მოქმედება რბილია", – განმარტა მინისტრმა.

რაც შეეხება უძრავი ქონების სექტორში გაყიდვების შემცირებას, ეკონომიკის მინისტრი ამ მხრივ რეგულაციების ეფექტის შეფასებისას აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში მოსახლეობის ფსიქოლოგიური აღქმაც გასათვალისწინებელია.

"როდესაც ახალი რეგულაცია შემოდის, მას ყოველთვის ახლავს ფსიქოლოგიური ეფექტი, რომ ხალხი ჯერ ერკვევა, რა ხდება. მეორე ფაქტორი, რამაც იმოქმედა იანვარ–თებერვალზე არის ის, რომ უცხოურ ვალუტაში ძალიან მძაფრად გაიზარდა იგივე იპოთეკური სესხებიც. ეს იმასთან არის დაკავშირებული, რომ ვინც გეგმავდა იანვარ–თებერვალში სესხის აღებას, გადაწყვიტა, უფრო ადრე, ევროში სესხის აღება.

ჩვენ უნდა დაველოდოთ, რომ ვნახოთ უფრო მეტი შედეგი, უფრო მეტი დაკვირვება გვჭირდება და შემდეგ დამაკორექტირებელ ზომებს მივიღებთ.

მე როგორც არაერთხელ მითქვამს, ვექტორი იგივე დარჩება, მაგრამ შიგნით შეიძლება იყოს რაღაც ნიუანსები გადახედილი. მაგალითად, იგივე PTI კოეფიციენტები. შესაძლებელია, უფრო მაღალი შემოსავლის პირებზე, კიდევ უფრო შევარბილოთ დღეს უკვე რბილი კოეფიციენტი, ან მაგალითად, უცხოელებზე თუ გვაქვს დაწესებული 40% აუცილებელი შენატანი, ეს დავწიოთ", – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები