მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის და რა მოლოდინებით იხსნება $31-მილიონიანი Hilton Garden Inn?

613f4fe08f799
ვიქტორია მღებრიშვილი
14.09.21 00:10
1754
თბილისის ცენტრში, ჭავჭავაძის გამზირზე 14-სართულიანი სასტუმრო Hilton Garden Inn-ის გახსნა სექტემბერ-ოქტომბერში იგეგმება - აღნიშნულის შესახებ კომპანია „რედიქსის“ დამფუძნებელმა ლაშა პაპაშვილმა BM.GE-ის ივლისში განუცხადა და აღნიშნა, რომ იმ დროისთვის სასტუმროსთვის კადრების პოვნა გამოწვევას წარმოადგენდა.

31 მლნ დოლარის ღირებულების პროექტის გახსნის შესახებ დეტალების დასაზუსტებლად BM.GE-მ კითხვებით კომპანია „რედიქსს“ მიმართა, სადაც მსოფლიო ბრენდის სასტუმროს გახსნას ადასტურებენ, თუმცა მისი ამოქმედების დროს ვერ აზუსტებენ.

„პანდემიით გამოწვეულმა შეზღუდვებმა, ყველაზე მძიმე დარტყმა სწორედ ტურიზმის სექტორს მიაყენა. თუმცა, აღნიშნული შეზღუდვების რაღაც პერიოდით გაუქმებამ, სექტორს ოდნავი ამოსუნთქვის საშუალება მისცა. მიზნების სწორად დასახვამ (“ტარგეტირებამ”), პროცესების სწორმა ანალიზმა და რა თქმა უნდა, თავდაუზოგავმა შრომამ შედეგი გამოიღო.

სასტუმროს გახსნის კონკრეტული თარიღი, ჯერჯერობით, უცნობია. Hilton Garden Inn-ის მსგავსი მასშტაბური პროექტის დროს დაანონსებული თარიღი გახსნის რეალურ თარიღს ხშირ შემთხვევაში არ ემთხვევა. ამასთან, გეგმის მიხედვით, სასტუმროს გახსნის სავარაუდო პერიოდი, როგორც ბატონმა ლაშამ თქვა, სექტემბერ-ოქტომბერია. დღეისთვის შეგვიძლია ერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი გითხრათ, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და ნერვიულობის საფუძველი არ არსებობს. ამჟამად, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, სასტუმროს გახსნის წინა პერიოდია (პრე-ოპენინგ), როდესაც სავალდებულოა პროექტში არსებული ყველა დეტალის რამდენიმეჯერ გადახედვა (გადამოწმება) და ჰილტონის ბრენდის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანაა. მთელი გუნდი აღებულ პასუხისმგებლობას გრძნობს და სასტუმროს გახსნისთვის ემზადები“, - აცხადებენ „რედიქსში“.

კომპანიის ცნობით, დღეისთვის კადრების დაკომპლექტება აქტიურად მიმდინარებს და პირველ ეტაპზე სასტუმროში დაახლოებით 80-მდე ადამიანი დასაქმდება. Hilton Garden Inn-ში განთავსების ღირებულება 90 დოლარიდან დაიწყება. 170-ნომრიან სასტუმრო სტუმრებს რვა საკონფერენციო დარბაზს, ქართულ რესტორანს, სპეციალური კონცეფციის მაღაზიას და სავარჯიშო დარბაზის მომსახურებებს შესთავაზებს.

„რედიქსის“ შეფასებით, სასტუმროს უფრო მეტად საერთაშორისო და დიპლომატიური უწყებების წარმომადგენლები ესტუმრებიან.

„იყო ჰილტონის დიდი ოჯახის წევრი, ნიშნავს ელოდო სტუმრებს ნებისმიერ დროს, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. ვფიქრობთ, Hilton Garden Inn-ის ლოკაცია და სასტუმროს ხარისხი, თავისთავად მოთხოვნების სიმრავლეს საერთაშორისო და დიპლომატიური ორგანიზაციების მხრიდან განაპირობებს, რომლებიც ჭავჭავაძის 64-ში, იგივე კომპლექსში, ბიზნესცენტრის ნაწილში არიან განთავსებულნი“, - აღნიშნავენ კომპანიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები