40 წელს ზემოთ მყოფ პირებს, რომლებსაც საპენსიო სისტემიდან გასვლა ენდომებათ, შესაბამისი განაცხადი 1 აპრილიდან 31 მაისამდე უნდა წარმოადგინონ. როგორც საპენსიო სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან სურგულაძემ „საქმიანი იდლის“ ეთერში განაცხადა, თანხების დაბრუნება დაახლოებით 2-3 კვირიან პერიოდში მოხდება.
„იმ ადამიანებს, ვისაც სისტემიდან გასვლა სურთ 1 აპრილიდან 31 მაისის ჩათვლით უნდა მიმართონ სააგენტოს, ოპერატორი გამზადებულ განცხადებას ჩამოტვირთავს, მოაწერს ხელს, გაივლის იდენთიფიკაციას, აიტვირთება მისი მონაცემები ჩვენს სისტემაში და ჩაჯდება იმ მოდულში, სადაც იქნება გასული ადამიანების სია.
ამ პროცედურის გავლის შემდეგ უკვე ბუღალტრებმა უნდა წარმოადგინონ კიდევ ერთხელ მათი მონაცემები. ჩვენ მოვითხოვთ უკან დაბრუნების განცხადებას და თუ ასეთი არ იარსებებს, ეს ადამიანები კვლავ დარჩებიან გასული ადამიანების სიაში.
უკან დაბრუნების ადმინისტრირებას ცხადია გააკეთებს საპენსიო სააგენტო. დამსაქმებელთან მოხდება 2+ 2%-ის დაბრუნება და 2%-ის დავუბრუნებთ სახელმწიფოს. რაც შეეხება ვადებს, ეს ეს დამოკიდებული იქნება გამსვლელების რაოდენობაზე, თუმცა არამგონია პროცესს 2-3კვირაზე მეტი დასჭირდეს“ - განმარტა სურგულაძემ.
მოქალაქეებს სისტემიდან გასვლაზე განაცხადის გაკეთების საშუალება, ქვეყნის მასშტაბით მოქმედ სოციალური მომსახურების სააგენტოებში მიეცემათ.
„საპენსიო სააგენტოს მთელი საქართველოს მასშტაბით არ აქვს ასეთი ადგილები, მაგრამ ჩვენ ვიწყებთ მოლაპარაკებას სოციალური მომსახურების სააგენტოსთან, რომელსაც 69 ლოკაცია აქვს ქვეყნის მასშტაბით და იქ თითო ოპერატორს მივცემთ საშუალებას და ინსტრუქციას რომ აკეთოს ეს საქმე" - აღნიშნა ლევან სურგულაძემ.

























