მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის და სად იგეგმება ლოჯისტიკური ცენტრის მშენებლობა - GDBA

5e41298e8099b
ვიქტორია მღებრიშვილი
16.02.20 13:55
1631
დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციამ და ლოჯისტიკურმა კომპანია "ბენე ჯგუფმა" 8 თებერვალს, "ბიოლი ველნეს ცენტრში" გამართულ ფორუმზე, თბილისთან ახლოს ლოჯისტიკური ცენტრის მშენებლობა დააანონსეს.

დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე ივა ჭყონიამ BMG-ის გადაცემა "საქმიან დილაში" განაცხადა, რომ ეს იქნება პროექტი, რომელიც დედაქალაქსა და ქვეყანაში არსებულ ლოჯისტიკურ პრობლემებს გადაჭრის. მან პროექტის განხორციელების მოსამზადებელ პერიოდზე გააკეთა აქცენტი და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ისიც, რომ პროექტი კერძო სექტორის ინიციატივითა და ქართული ინვესტიციით განხორციელდება.

"დაახლოებით 1 წლის წინ, მაშინდელი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნიკა ალავიძე დაუკავშირდა დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციას და შემოგვთავაზა დედაქალაქსა და ქვეყანაში ავტოსაგზაო მოძრაობის მოწესრიგების მიზნით მიგვეწოდებინა ინფორმაცია იმის შესახებ, რამდენ კომპანიას აქვს საწყობი, როგორი ფორმულირებით, რამდენი მანქანა ჰყავთ, მეორეს მხრივ ამ ყველაფერის მომსახურება ერთი წერტილიდან მომხდარიყო. მისივე ინფორმაციით, ინვესტიციის ჩადებით ჩინური კომპანია იყო დაინტერესებული და საუბარი იყო ათობით მილიონ ლარზე. იმ პერიოდში ლოჯისტიკური ცენტრის მშენებლობისთვის კუმისთან ახლოს გამოიყო ტერიტორია. ჩვენ, სადისტრიბუციო კომპანიები, ერთი მთავარი, მნიშვნელოვანი კომპონენტი ვართ და ეს არის ძალიან კარგი, როდესაც სახელმწიფო მოხელე მოდის შენთან თანამშრომლობაზე.

თავის მხრივ, ჩვენ დავსვით კითხვა - რატომ უცხოური ინვეტიცია, როდესაც არსებობენ ადგილობრივი კომპანიები და ჩვენ შეგვიძლია მათ ხელი შევუწყოთ და არა მხოლოდ ლოკალურად, თბილისის მასშტაბით მოვაწესრიგოთ ლოჯისტიკაში არსებული გამოწვევები, არამედ რეგიონში ჩამოვყალიბდეთ ჰაბად. ამისთვის ასოციაციამ მიმართა ჩვენს მყარ პარტნიორს "ბენე ჯგუფს" და დავიწყეთ თანამშრომლობა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხარდაჭერა იმ კუთხით, რომ ბიუროკრტიული პრობლემები გადაიჭრას, რასაც თვეები სჭირდება დროულად უნდა მოგვარდეს", - განაცხადა ივა ჭყონიამ.

მისივე თქმით, სახელმწიფოს ჩართულობა იქნება მინიმალური და კერძო სექტორს მხარდაჭერა სჭირდება იმისთვის, რომ პროექტის განხორციელება არ გაიწელოს.

"ჩვენ სახელმწიფოს არ მოვთხოვთ მიწას. მხოლოდ იმაში გვჭირდება დახმარება, რომ არ იყოს ბიუროკრატიული შეფერხებები. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ლოჯისტიკურ ცენტრში ლოკალურად მოხდეს იმ ადამიანების გადამზადება, რომლებიც სექტორში არიან დასქმებულები. ეს არაერთ ქვეყანაშია აპრობირებული და იგივეს დანერგვას ვფიქრობთ ჩვენ ერთობლივად. დისტრიბუციამ დისტრიბუტორთა გადამზადება უკვე დაიწყო და ამ პროექტის პარალელურად, ჩვენ ვიმუშავებთ იმაზე, რომ სახელმწიფო და განათლების სამინისტრო მხარში დაგვიდგეს და მოხდეს მათი გადამზადება", - განმარტავს დისტრიბუტორთა ბიზეს ასოციაციის თავმჯდომარე.

ივა ჭყონია მიიჩნევს, რომ ეს იქნება სიახლე ყველასთვის, რომელიც დადებითად იმოქმედებს როგორც კომპანიებზე, ასევე ზოგადად ლოჯისტიკაში არსებულ მდგომარეობაზე.

"ეს პლატფორმა და მომზადებული მოდელი, ერთის მხრივ ხარჯს შეუმცირებს კომპანიებს, მეორე მხრივ – მოძრაობას განტვირთავს. ეს უნდა მოაგვაროს რომელიმე ლოჯისტმა და უნდა მართოს ეს პროცესი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაიწეროს სოფტი, რომელიც გათვლილი ინქება კომპანიებზე და ასევე რითეილ სექტორზე, სწორად უნდა იყოს გამართული. ეს დაახლოებით 2-3 წლის განმავლობაში განხორციელდება, თუ არ გვექნება ბიუროკრატიული ბარიერები", - ამბობს ჭყონია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები