მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როდის დაადგენს პროკურატურა, ვინ დაზარალდა TBC–ის საქმეში? – პროკურორის განმარტება

5c7aba82534c6
BM.GE
02.03.19 21:10
2421

"თიბისი ბანკის" საქმის პროკურორი სალომე ჩიქობავა განმარტავს, რატომ დაიწყო პროკურატურამ გამოძიება ბანკის მიერ განხორციელებულ 2007–2008 წლების ტრანზაქციასთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლით, რომელიც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს.

ამის შესახებ მან „მესამე არხის“ გადაცემაში – "მთელი ამბავი ელისო ჯარიაშვილისგან" – ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა, რომლის მიხედვით, "არსებობს მოსაზრება, რომ ეს მუხლი იმიტომ იქნა შერჩეული, რომ ხანდაზმულობის ვადა უკვე არ ეხება საქმეს".

"ეს ნამდვილად არ იყო ასე. თვითონ ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში მითითებული გარემოებები შეიცავდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, როგორც დანაშაულის ჩადენის ნიშნებს", – განაცხადა პროკურორმა.

კითხვაზე, ამ საქმეში დაზარალებულ მხარედ ვინ არის მიჩნეული, პროკურორი ამბობს, რომ ეს ჯერ დადგენილი არ არის.

"ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება იმის დასადგენად, სახეზე იყო თუ არა შესაძლო დანაშაული. მას შემდეგ, რაც გამოიკვეთება კონკრეტული დანაშაულის არსებობა, ან არარსებობა, უკვე დაზარალებული მხარის ვინაობის დადგენის საკითხი დადგება დღის წესრიგში", – განმარტა პროკურორმა.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ "თიბისი ბანკის" მიერ 2007–2008 წლებში განხორციელებულ ტრანზაქციებზე გამოძიება დაიწყო.

"როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, საქმეზე საქართველოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო 2018 წლის 2 აგვისტოს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ 2018 წლის 01 აგვისტოს, კანონმდებლობით დადგენილი წესით მოწოდებული წერილობითი ინფორმაცია.

გამოძიების ამ ეტაპზე საქმეში არსებული მტკიცებულებებით იკვეთება შემდეგი სქემა:

2008 წლის აპრილ-მაისში - "თიბისი ბანკმა" მამუკა ხაზარაძესთან დაახლოებული ბიზნესმენის კომპანიებზე - "სამგორი M"-სა და "სამგორი თრეიდზე" სესხის სახით გასცა 17 მილიონი აშშ დოლარი.

იმავე დღეს, აღნიშნული 17 მილიონი აშშ დოლარი უკლებლივ ჩაირიცხა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პირად ანგარიშებზე. მაშინ როდესაც კომპანიებს "თიბისი ბანკიდან" აღნიშნული სესხი აღებული ჰქონდათ საბრუნავი საშუალებების შევსების მიზნობრიობით და არა ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის სესხის სახით გადასაცემად. ანუ საკუთარი ბანკიდან გაცემული 17 მილიონი აშშ დოლარი იმავე დღეს გადაირიცხა ხაზარაძე-ჯაფარიძის პირად ანგარიშებზე", – წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღნიშნული ტრანზაქციების გამო, ეროვნულმა ბანკმა "თიბისი ბანკი" 1.1 მლნ ლარით დააჯარიმა და მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს სამეთვალყურეო საბჭოს დატოვება მოსთხოვა. ამ უკანასკნელებმა საბჭოს დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს. გარდა ამისა, ამ საკითხზე სებ–ის წინააღმდეგ "თიბისიმ" სასამართლო დავა შეწყვიტა, თუმცა ხაზარაძე და ჯაფარიძე, როგორც ფიზიკური პირები, დავას აგრძელებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები