„მთაწმინდის პარკში“ ეშმაკის ბორბალი რამდენიმე თვეა ჩამოხსნილია. როგორც BM.GE-თან პარკის ადმინისტრაციაში განმარტეს, მიზეზი ატრაქციონის ტექნიკური შემოწმებაა. ია თარხანმოურავის თქმით, ამ დროისთვის მთაწმინდის პარკში აქტიურად მიდის სამონტაჟო სამუშაოები. ამბობს, რომ შეიცვალა ატრაქციონის ტექნიკური დეტალები, ასევე კონსტრუქცია შეიღებება და სამგზავრო გონდოლებში თანამედროვე სტანდარტების კონდიცირების სისტემა დამონტაჟდება. შეიცვლება ასევე განათება და ვიზიტორებს განახლებული „ეშმაკის ბორბალი“, სავარაუდოდ, ივლისის ბოლოდან მოემსახურება.
გარდა ამისა, ზაფხულის სეზონს „მთაწმინდის პარკი“ ახალი ატრაქციონებით შეხვდება. პარკის ტერიტორიაზე უკვე გაიხსნა კონტაქტური ზოოპარკი. რაც შეეხება დაგეგმილ ღონისძიებებს, ია თარხანმოურავი ამბობს, რომ უქმე დღეებში მთელი ზაფხულის განმავლობაში პარკი არაერთი აქტივობას და ფესტივალს უმასპინძლებს.

























