სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ ქართული თხილი საექსპორტო ათეულში მოწინავე პოზიციას 2-3 წელში დაიბრუნებს.ამის შესახებ მან BM.GE-ს განუცხადა.
მისი თქმით, მთავარი პრობლემა ქართული თხილისთვის აზიურ ფაროსანასთან და სხვა სოკოვან დაავადებებთან ერთად, ქართველი ფერმერების არასათანადო მზაობაა.
“გვაქვს კარგი პრაქტიკა 2018 წელს 1500 ფერმერზე, რომლებმაც მოსავალი დანაკარგის გარეშე მიიღეს. ეს უკავშიორდება იმ ღონისძიებებს, რომლებიც ტარდება ფაროსანასთან მიმართებაში, მაგრამ თხილში პრობლემები არ არის მხოლოდ ფაროსანა. ეს უკავშირდება სხვადასხვა მავნებელ დაავადებებს და აქ სწორი აგრონომიული ღონისძიებები აუცილებელია. სწორად ორგანიზებული ფერმერები იღებენ მოსავალს. 1500 ფერმერეთან განხიორციელდა ეს პროგრამა, თხილის მწარმოებელთა ასოციაციის მიერ. შედეგად, სამინისტრო და ასოციაცია 2019 წელს გეგმავს თანამშრომლობას, რომ მასშტაბები გაიზარდოს. 15 ათასი ფერმერი მინიმუმ უნდა ჩაერთოს, რომ მათ ჰქონდეთ სწორი აპარატები, მათთან იმუშავებენ აგრონომები და ა.შ. და ვფიქრობ, რომ 2-3- წელიწადში აღვადგენთ თხილის პოზიციებს საექსპორტო ათეულში, რაც მას ჰქონდა”,- აცხადებს ლევან დავითაშვილი.
ლევან დავითაშვილმა დღეს 2018 წლის შეჯამებაზე განაცხადა, რომ სამინისტრო იმუშავებს, რომ ქართული თხილი საექსპორტო ათეულში დაბრუნდეს. შეგახსენებთ, რომ წლების განმავლობაში თხილი საექსპორტო ათეულში მეორე ადგილს იკავებდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში აზიური ფაროსანა გაჩნდა, თხილის მოსავლიანობა შემცირდა.

























