მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის დაიშვება პარაპლანით ფრენა საქართველოში? - კანონზე მუშაობა მიმდინარეობს

63d8d3d7ee385
ინგა მურუსიძე
31.01.23 12:57
987
უკვე 6 თვეა, საქართველოში პარაპლანით ფრენა აკრძალულია. გადაწყვეტილება მთავრობამ 2022 წლის 30 ივლისს მიიღო, მას შემდეგ, რაც გუდაურში ტრაგედია დატრიალდა. პარაპლანით ფრენისას ჩამოვარდნილი პილოტისა და ტურისტის გადარჩენის დროს სასაზღვრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 8 ადამიანი გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მაშინ განაცხადა, რომ პარაპლანით ფრენები პრობლემაა და რეგულაციების გამკაცრებასა, ან საერთოდ აკრძალვაზე სამუშაოა. მას შემდეგ, პარაპლანით ფრენები აკრძალულია.

30 იანვარს, პარაპლანისტების ნაწილმა გუდაურში ფრენების აღდგენის მოთხოვნით აქცია გამართა. ისინი ამბობენ, რომ პარაპლანი სჭირდებათ როგორც მათ და მათ ოჯახებს, ასევე კურორტს განვითარებისთვის. ისინი რეგულაციების წინააღმდეგი არ არიან, თუმცა ითხოვენ, რომ რეგულაციები დროულად იქნას შედგენილი.

„ბევრი ადამიანი დაუბრუნდა კუთხეს, დასაქმდა, მაგრამ პარაპლანის აკრძალვის შემდეგ ამ გაუგებრობაში ძალიან ბევრმა დატოვა აქაურობა. არავინ კონკრეტულ პასუხს არ გვეუბნება და უმეტესობა უკვე ფიქრობს, რომ ქვეყანა დატოვოს ამის გამო. ოჯახები შემოსავლის გარეშე დარჩნენ“, - თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

მეორე ამბობს, რომ გამორიცხული არ არის, პროტესტის ფარგლებში სატრანზიტო გზა გადაიკეტოს. „გუდაურს მარტო გონდოლები არ ამოძრავებს. სატრანზიტო გზა გვაქვს და მაგის გადაკეტვაც შესაძლებელია, რაც უკვე ძალიან დიდ პრობლემას გამოიწვევს. ყველა ვცდილობთ, რომ მსგავსი პრობლემების შექმნას თავი ავარიდოთ და ნორმალური მოთხოვნებით, ნორმალური კრიტერიუმების დაკმაყოფილებით ყველა ავყვეთ სახელმწიფოს“.

bm.ge დაინტერესდა, როდიდან იგეგმება პარაპლანით ფრენების აღდგენა და მიდის თუ არა საკანონმდებლო რეგულაციებზე მუშაობა.

„საქართველოს პარაგლაიდინგის ფედერაცია“ აქციაში ჩართული არ იყო, არც ერთი ფორმით, თუმცა საკანონმდებლო მიმართულებით საკითხის მოგვარებაზე სწორედ ის მუშაობს სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად.

„გუდაურში ფრენები ვერ აღდგება იქამდე, ვიდრე არ იქნება დადგენილი წესები. მაშინ მთავრობამ თქვა, რომ წესები უნდა დაგვეწერა თავად, ან შეადგენდა სახელმწიფო, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფო ამას დიდ ხანს მოანდომებდა, გადაწყდა, რომ წესები ჩვენ გაგვეწერა. ჩვენ, ფედერაციას გარკვეული წესები და რეგულაციები უკვე გაწერილი გვქონდა, მივეცით სახელმწიფოსთვის მისაღები ფორმა და გადავგზავნეთ სპორტის სამინისტროში. პროცესი სექტემბერში დაიწყო და ბოლო ვარიანტი სამინისტროში ერთი კვირის წინ გადავგზავნეთ. საქმე ის არის, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში ჩვენსა და სამინისტროს შორის მიმდინარეობს მიმოწერა, გავუგზავნით ჩვენს ვერსიას, გვიბრუნებენ შენიშვნებით და ასე გრძელდებოდა აქამდე. ახლა ველოდებით საბოლოო პასუხს“, - თქვა ირაკლი კაპანაძემ.

რაც შეეხება კანონპროექტს, კაპანაძე BM.GE-სთან ყვება იმ თეზისების შესახებ, რომელიც ფედერაციამ წესების სახით გაწერა და ახლა სამინისტროს დასტურს ელოდება, თავის მხრივ სამინისტროში კი გეგმავენ, რომ პაკეტი საერთაშორისოდ გამოცდილ ორგანიზაციაში გაგზავნონ.

„ჩვენ მიერ გაწერილი წესები გულისხმობს იმას, რომ პილოტს უნდა ჰქონდეს შესაბამისი კვალიფიკაცია, ფრთა უნდა იყოს ტექნიკურად გამართული. გარდა ამისა, როცა საუბარია ფრენების კომერციულ გამოყენებაზე, თქვენი პასუხისმგებლობა იზრდება. აუცილებლად უნდა არსებობდეს კონტროლის სისტემა, კონტროლის მექანიზმი, რომელიც შექმნილ წესებს გააკონტროლებს. ამ ნაწილში სახელმწიფოს შემოყვანას არ განვიხილავთ, ჩვენი მოდელი გულისხმობს ამას, რომ უნდა არსებობდეს კომერციული ოპერატორი, რომელიც პასუხისმგებელია მხოლოდ ასაფრენ მოედანზე წესრიგის დაცვით. ასევე, აუცილებელია პილოტებს ჰქონდეთ სერტიფიცირება. მოედანზე შესვლა უნდა ღირდეს გარკვეული თანხა. ჩვენი რეგულაციები ასევე ეხება საჰაერო სივრცის გამოყენების საკითხს, რაც უნდა დარეგულირდეს“, - განაცხადა კაპანაძემ.

მისი განმარტებით, საქართველოში დღეისთვის 250 პილოტი და ამდენივე პარაპლანია.

bm.ge უკვე ესაუბრა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს და უწყების ოფიციალურ პოზიციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები