ინფრასტრუქტურის მინისტრი, ირაკლი ქარსელაძე ამბობს, რომ ანაკლიის პორტამდე მისასვლელი გზის და რკინიგზის მშენებლობა ინვესტორთან საბოლოო დეტალების შეთანხმების შემდეგ დაიწყება. ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, BMG-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისივე შეფასებით, აბსოლუტურად რეალისტურია, რომ პორტმა პირველი გემი 2029 წელს მიიღოს.
„აქ ჩვენ [ინფრასტრუქტურის სამინისტროს] ჩვენი მიმართულება გვაქვს. მოგეხსენებათ, რომ მომზადებულია შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაცია ახალი გზისა და რკინიგზის მშენებლობასთან დაკავშირებით. უკვე შესაბამისი პროცედურები დაიწყება და ამ მიმართულებით ვფიქრობ, რომ გეგმები არის აბსოლუტურად რეალისტური.
ჩვენს ნაწილში მომზადებული ვართ, თუმცა არის ბევრი დეტალი, რომელიც აუცილებლად უნდა იქნეს შეთანხმებული ინვესტორ კომპანიასთან, ვინაიდან საბოლოო ჯამში, პორტის შიდა გეგმარება და იმ ინფრასტრუქტურის, რომელიც აშენდება, მნიშვნელოვანია. გზის და რკინიგზის მარშრუტი იგივე დარჩება, თუმცა მნიშვნელოვანია უკვე შემდგომი დაკავშირებადობა პორტთან როტორი იქნება, ესაა რეალურად ის ბოლო ასპექტები, რომლებიც დარჩენილია, რომ საბოლოო სახე მიიღოს ახალი ინვესტორის პირობებში და შემდგომ უკვე დავიწყებთ მშენებლობას“,- განაცხადა მინისტრმა.
დღეს ანაკლიის პორტის პროექტზე კომენტარი გააკეთა პრემიერმაც. ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ "ინტენსიურად წარიმართება სამუშაოები და მაქსიმუმ 2029 წელს, თუმცა იმედია უფრო ადრეც, მივიღებთ პირველ გემს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში".