მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის დაიწყება მარიჯანის N2-ში „ცენტრ-პოინტის“ დაუმთავრებელი ობიექტის დემონტაჟი? - „ნექსთდორის“ განმარტება

ცენტრ-პოინტი

მარიჯანის 2-ში არსებული „ცენტრ-პოინტის“ დაუსრულებელი ობიექტის დემონტაჟის და ადგილზე ახალი კომპლექსის აშენების ვალდებულება 2021 წელს, მერიასთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში კომპანია „ნექსდორმა“ აიღო, თუმცა პროცესი ამ დრომდე არ დაწყებულა.

კომპანიის მმართველი პარტნიორი ანი გოგიშვილი აცხადებს, რომ ძირითადი მიზეზი ბიუროკრატიული ბარიერების არსებობაა. როგორც მან გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას განაცხადა ამ ეტაპზე როგორც მერიასთან, ისე GWP-თან და მესაკუთრეების უმრავლესობასთან გარკვეული შეთანხმებები უკვე არსებობს და სავარაუდოა, რომ პროცესი გაზაფხულისთვის დასრულებული იქნება.

რაც შეეხება ახალი ობიექტის აშენებას, ადგილზე 23 სართულიანი 900 ბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი უნდა განთავსდეს, საიდანაც ნახევარი (433) „ცენტრ- პოინტით“ დაზარალებულებს გადაეცემათ.

„დემონტაჟის პროცესი სატესტო რეჟიმში დავიწყეთ, თუმცა იმის გამო, რომ მოსახლეობას აწუხებდა მტვერი და ხმაური ჩავანაცვლეთ კომპანია. რამდენიმე თვეა პროცესი გაჩერებულია, რადგან პრობლემაა gwp-ის მილების არსებობაც. მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოების ფარგლებში იმ მხარეს არ შევხებივართ სადაც სამშენებლო ბლოკი გადმოცვივდა, ცხადია რომ ობიექტი პრობლემურია, 17 წლის წინანდელია და მოსალოდნელი იყო რომ რაღაც მოხდებოდა. ჩვენი კომპანია იღებს პასუხისმგებლობას დაზიანებული მანქანების ანაზღაურებაზე, მიმდინარეობს მათთან შეხვედრები, დაითვლება ზარალი და ჩვენ აუცილებლად ავუნაზღაურებთ ამ ყველაფერს. მანდ მთავარი ფაქტორი იყო შემოღობვა, ადგილი სხვისი კერძო საკუთრებაა და ხელს გვიშლიდნენ, მხოლოდ ახლა მოგვცეს უფლება.

რაც შეეხება gwp-ის, შეთანხმებაა, რომ მილების გადატანა უნდა მოხდეს, დაიწყო პროექტზე მუშაობა. დემონტაჟისთვის შევიძინეთ ახალი საჭრელი ამწე, რომელიც უფრო გამარტივებული მეთოდით განაგრძობს პროცესს. უკვე დამონტაჟდა, ახლა გადის უსაფრთხოების ნორმების შეფასებას, ამ დღეებში იქნება სერტიფიკატი და დაიწყებს მუშაობას. ამინდებმა თუ არ შეგვიშალა ხელი, გაზაფხულისთვის უკვე დასრულებული უნდა იყოს დემონტაჟი. ამ პროცესისთვის გვჭირდება ფართის მესაკუთრეების ხელმოწერა, ყველა არ გამოჩენილა და იმედია ამ პერიოდში ყველასთან კონტაქტს შევძლებთ.

ახალი პროექტის შეთანხმება მიმდინარეობს, საუბარია 23 სართულის აშენებაზე, რომელსაც დაახლოებით 3,5 წლიანი პერიოდი დასჭირდება. მარიჯანის პროექტის ბიუჯეტია 25$ მლნ, ეს არის ცენტრალური უბანი, პრემიუმ კლასის შემინული შენობა, ალუმინის კარ-ფანჯრებით. დაზარალებულია 433 ოჯახი და მათ გარდა ემატება პროექტს 7 სართული, დაახლოებით იქნება 900 ბინამდე.“ - განაცხადა გოგიშვილმა.

ინფორმაციისთვის, გასულ კვირას მარიჯანის ქუჩაზე მდებარე „ცენტრ-პოინტის“ დაუმთავრებელი ობიექტიდან გადმოყრილმა სამშენებლო ბლოკმა ტერიტორიაზე არსებული ავტომობილები დააზიანა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები