მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როდის დაიწყება თბილისის მეტროსთვის ახალი ვაგონების შემოყვანა? - GT Group-ის დირექტორი

მეტრო

“ჯი-თი ჯგუფის” გენერალური დირექტორის, თემურ უსტიაშვილის განცხადებით, კონტრაქტის ფარგლებში ვაგონების მიწოდება მომდევნო წლის ნოემბერში დაიწყება და ის 5 წლის განმავლობაში გაგრძელდება. ამის შესახებ მან თბილისის მერიასთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მეტროს 111 ვაგონის შესყიდვის ტენდერში კომპანია "ჯი-თი ჯგუფისგან" გაიმარჯვა, რომელიც მერიას ჩინეთის უმსხვილესი სარკინიგზო მწარმოებლის, CRRC-ის ვაგონებს მიაწვდის. მხარეებს შორის 150 მილიონი ევროს ხელშეკრულება დღეს გაფორმდება. პროექტი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის AIIB-ის მიერ ფინანსდება.

“ჩვენ დავიწყებთ მოწოდებებს მომავალი წლის ნოემბრიდან ანუ პირველი ოთხი შემადგენლობა ჯამში 36 ვაგონით შემოსვლას მომავალი წლის ნოემბრიდან დაიწყებს და ამ ოთხი შემადგენლობის შემოყვანას 2027 წლის თებერვალში, თებერვლის ბოლოსკენ დავამთავრებთ. დანარჩენ ვაგონებს პერიოდულად უკვე შეთანხმებისამებრ შემოვიყვანთ მომავალი ხუთი წლის განმავლობაში”, - განაცხადა თემურ უსტიაშვილმა.

CRRC მეტროს მოძრავი შემადგენლობის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია. კომპანიას აქვს გამოცდილება მეტროს ვაგონების მიწოდების არამხოლოდ ჩინეთის ქალაქებისთვის (ბეიჯინგი, შანჰაი, ჰონკონგი და სხვა), არამედ თურქეთისთვის (ანკარა), არგენტინისთვის (ბუენოს აირესი), ფილიპინებისთვის (მანილა) და შეერთებული შტატებისთვის, სადაც ბოსტონში, ჩიკაგოსა და ლოს-ანჯელესში CRRC-ის ვაგონები მოძრაობენ.

თუმცა, კომპანია ჩინეთის მთავრობასთან კავშირის ასევე საეჭვო კონტრაქტების, გამო ბოლო რამდენიმე წელში კრიტიკის საგანი გახდა, რასაც აშშ-სა და ჩინეთს შორის მზარდი დაძაბულობაც ემატება. აღნიშნულ ფაქტორებთან დაკავშირებით თემურ უსტიაშვილი აცხადებს, რომ კომპანიას თბილისის მერიაში წარდგენილი აქვს საბანკო გარანტია და თუკი ნებისმიერი საგარეო ფაქტორის გამო ვერ მოხდება კონტრაქტით გათვალისწინებული ვაგონების რაოდენობის მიწოდება მერიას საბანკო გარანტიით განსაზღვრული თანხის მიღება შეეძლება.

“რაც შეეხება ამერიკას და საზღვარგარეთ და ევროპის თვალსაზრისით თუ რა ხდება მაგას მე ვერ გაგცემთ პასუხს. თუმცა გეტყვით, რომ ამერიკაშიც, უნგრეთშიც მიწოდებები გააჩნია კომპანიას და მოგებული აქვს ტენდერები, სადაც შეგხვდებათ მათი ვაგონები. რეალურად ჩვენ მერიასთან გვაქვს საბანკო გარანტია დადებული და იმ შემთხვევაში თუ ვერ მივაწოდეთ რომელიმე ვაგონი, პასუხისმგებელი ვიქნებით მაგ შემთხვევაში თანხით. აქედან გამომდინარე, მე მგონი რისკები მინიმალურია. რაც შეეხება მომავალში რა მოხდება, მაგას ნამდვილად ვერ გეტყვით,”- აღნიშნავს თემურ უსტიაშვილი.

მეტროს ვაგონების ტენდერში კომპანიამ საკუთარი წინადადება ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს წარადგინა და მას თბილისის მერია 2025 წლის თებერვლიდან სწავლობდა. ტენდერის თანახმად მერია 97 ერთეული ვაგონის შესყიდვას გეგმავდა და მასში "ჯი-თი ჯგუფის" მიერ წარდგენილი ფასი 130 მილიონი ევრო იყო. თუმცა როგორც ირკვევა ტენდერის პირობები შეიცვალა და მერია 111 ვაგონს შეიძენს და კონტრაქტის ღირებულება 150 მილიონი ევრო იქნება. შესაბამისად, ერთი ვაგონის ფასი 1.35 მილიონი ევრო, ანუ 4.3 მილიონი ლარი იქნება.

ახალ შემადგენლობებს შორის 14 ერთეული იქნება 4-ვაგონიანი 11 ერთეული კი 5-ვაგონიანი.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები