ინტერნეტში საავტორო უფლებების დაცვისა და ელექტრონული კომერციის შესახებ კანონპროექტი პარლამენტში, სავარაუდოდ, საშემოდგომო სესიაზე შევა, - ამის შესახებ bm.ge-ს ეკონომიკის სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსმა ეკატერინე ყუბუსიძემ განუცხადა.
„ამ კანონპროექტის დამუშავება უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს. იმისთვის, რომ არ გამოგვრჩეს არანაირი დეტალი, რომელიც აქვს ევროკავშრს პრაქტიკაში. ევროკავშირის ექსპერტი გვყავს მოწვეული და მასთან მუშაობას ამ თვეში ვასრულებთ. გავასაჯაროებთ ამ კანონპროექტს და იქნება საჯარო განხილვები კომპანიებთან და სერვისის მიმწოდებლებთან.
რაც შეეხება საავტორო უფლებებს და პერსონალური მონაცემების დაცვას - ეს არის ელექტრონული კომერციის შესახებ კანონმდებლობის შემადგენელი ნაწილი. მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ ნაკლები ვალდებულებები დაგვეკისრებინა ოპერატორებისთვის, მხედველობაში მაქვს შუალედური ოპერატორები. თუმცა, თუ უფლებადამცველი მიმართავს შუალედურ ოპერატორს, რომ მისი საავტორო უფლებები ირღვევა, მოხდება ამ პროდუქციის ამოღება, დაბლოკვა“,- აცხადებს ეკატერინე ყუბუსიძე.

























