საქართველო-ინდოეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიზანშეწონილობის კვლევა დასრულდა.
კვლევა იძლევა რეკომენდაციას, რომ მხარეებმა სავაჭრო მოლაპარაკების კომიტეტის შექმნის გზით დაიწყონ მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ინდოეთისა და საქართველოს მთავრობებმა უნდა მიიღონ.
ეკონომიკის სამინისტროს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მარიკა გაბუნიას განმარტებით, ქართული მხარე ახლა ორმხრივი მოლაპარაკებების დაწყებაზე ინდოეთის მხარის გადაწყვეტილებას ელოდება.
„ჩვენ მიზანშეწონილობის კვლევა დავასრულეთ. ახლა ველოდებით ინდოეთის მხარის გადაწყვეტილებას, მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე. ბიუროკრატიული პროცესია, სხვადასხვა ინსტანცია უნდა გაიაროს, ეს გადაწყვეტილება შიგნით უნდა მიიღონ და ამის შემდეგ შევთანხმდებით ორმხრივად მოლაპარაკების პირველი რაუნდი როდის და სად გაიმართება.
ჩვენი მხრიდან ჩამოყალიბებულები ვართ და გვინდა ამ პროცესში შესვლა და მოლაპარაკებების დაწყება. ახლა ოფიციალურად ველოდებით მათ პასუხს. წესით წლის ბოლომდე ეს გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული“-განუცხადა bm.ge-ს გაბუნიამ.
მიზანშეწონილობის კვლევის მიხედვით, საქართველოს ინდოეთში ექსპორტზე შეუძლია გაიტანოს მადნები, წიდა და ნაცარი, მეტალურგიული ნაწარმი, სამედიცინო პროდუქცია, ღვინო და სხვა ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელები, გადამუშავებული სოფლის მეურნეობის პროდუქტები და ა.შ. ხოლო, ინდოეთიდან საქართველოში ექსპორტის ზრდა ნავარაუდებია შემდგომ პოზიციებზე: ცემენტი, მადნები, მინერალური საწვავი, პლასტმასის ნაწარმი, ელექტრომოწყობილობები და სხვა.

























