ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ყოფილ შენობაში, ჭანტურიას 12-ში სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით პროექტის განმახორციელებელ კომპანია "ჰუალინგ ჯგუფში" აცხადებენ, რომ სამუშაოები სასტუმროს სამშენებლო ნებართვის მოპოვებისთანავე დაიწყება.
როგორც bm.ge-ს "ჰუალინგ ჯგუფში" განუცხადეს, პროექტი უკვე მზად არის, თუმცა ამჟამად კონსტრუქციული ნაწილი მუშავდება და მისი ატვირთვა დაკორექტირებული სახით მერიის მიერ დაწესებულ ვადებში მოხდება.
"ჩვენ მიერ მერიაში შეტანილ ესკიზზე მივიღეთ რეკომენდაციები და ახლა მიმდინარეობს ამ რეკომენდაციების განხორციელება.
დამუშავების პროცესში არის დენდროლოგიური პროექტი, სატრანსპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურის საკვლევი გეგმა, ასევე პროექტის კონსტრუქციული ნაწილი", - განმარტეს "ჰუალინგ ჯგუფში".
ცნობისთვის, ჭანტურიას 12-ში მდებარე ყოფილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შენობა, პროგარამის "50 ქონება შენი სასტუმროსთვის" ფარგლებში, 2015 წელს 9 მილიონ 450 ათას დოლარად, აუქციონის წესით გაიყიდა.
ინვესტორის ვალდებულება 2016 წლის პირველი იანვრიდან, არაუმეტეს 36 თვის ვადაში, არანაკლებ 100-ნომრიანი სასტუმროს შექმნა და ექსპლუატაციაში გაშვება იყო. "ჰუალინგ ჯგუფს" სასტუმროს სამშენებლო ვადები 2019 წლის 21 აპრილს ამოეწურა და 5 500 ლარით დაჯარიმდა.

























