მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის დაიწყებს მთავრობა ანაკლიის პორტამდე მისასვლელი გზისა და რკინიგზის მოწყობას?

63d78a4fd5cc4
ვიქტორია მღებრიშვილი
30.01.23 13:17
1409
ინფრასტრუქტურის მინისტრის ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, მთვარობა ანაკლიის პორტამდე მისასვლელი გზისა და რკინიგზის პროექტების განხორციელებას, ინვესტორის გამოვლენამდე არ აპირებს. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ BM.GE-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ირაკლი ქარსელაძემ ანაკლიის პორტის პროექტის ინვესტორის გამოსავლენი ტენდერის გამოცხადების ვადები ვერ დააკონკრეტა და აღნიშნა, რომ ამაზე დაზუსტებული ინფორმაცია ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილს ექნებოდა, თუმცა დასძინა, რომ სახელმწიფო თავისი ვალდებულებების შესრულებისთვის მზადაა.

კითხვაზე - დაიწყებს თუ არა ინფრასტრუქტურის სამინისტრო ანაკლიის პორტამდე მისასვლელი გზისა და რკინიგზის მშენებლობას, უწყების ხელმძღვანელმა უპასუხა, რომ ამ პროექტების განხორციელება ინვესტორის მიერ წარდგენილ პროექტის მასტერგეგმაზე იქნება დამოკიდებული.

„როცა [ანაკლიის პორტამდე] მისასვლელ გზასა და რკინიგზაზე ვსაუბრობთ, შესაბამისი პროექტი დამუშავებული გვაქვს და რა წუთშიც გამოვლინდება გამარჯვებული და ხელშეკრულების სახით შესაბამისი ვალდებულებები გაფორმდება, ჩვენ მზად ვართ განვახორციელოთ ის.

აღნიშნული პროექტი წინაპირობების გათვალისწინებით იყო მომზადებული. შეიძლება მასში გარკვეული კორექტირება შევიდეს, არა იმდენად მარშრუტთან, არამედ ამ მარშრუტის დაბოლოებასთან მიმართებით.

მშენებლობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმ მასტერგეგმაზე, რომლითაც სამშენებლო ნაწილი ხორციელდება და ის ინფრასტრუქტურა, სადაც ეს გზა უნდა მივიდეს. ნებისმიერ შემთხვევაში უფრო გამართლებულია არსებობდეს გამარჯვებული, რომელსაც ექნება ნათელი ხედვა თუ როგორ ეწყობა ინფრასტრუქტურულად აღნიშნული პორტი და შემდეგ სახელმწიფო თავის ვალდებულების ნაწილში გზის და რკინიგზის მშენებლობას დაიწყებს. მთავარია, ეს პროექტი გვაქვს და ეს იქნება იმ მოქმედებების ნაწილი, რომელსაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტი მოიცავს“, - განმარტა ქარსელაძემ.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის იანვარში საქართველოს მთავრობამ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” ხელშეკრულება გაწყვიტა, რასაც როგორც კონსორციუმის, ასევე, მისი ერთ-ერთი ინვესტორის, ბობ მეიერის მხრიდან საარბიტრაჟო სასამართლოსთვის მიმართვა მოჰყვა. ანაკლიის განვითარების კონსორციუმი დავობს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულმა დესტრუქციულმა ნაბიჯებმა ამ ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება შეაჩერა, რამაც ინვესტორებს მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მოუტანა. ხელშეკრულების გაწყვეტის დროს “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს” პროექტში უკვე ინვესტირებული ჰქონდა 74 მილიონი დოლარი, მათ შორის $35 მილიონი უკვე იყო ჩადებული ზღვის ფსკერის დაღრმავების სამუშაოებში, დანარჩენი თანხები კი საზღვაო, ეკოლოგიურ და საინჟინრო კვლევებსა და პროექტებში. აღსანიშნია ისიც, რომ ქვეყნისთვის ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე ირაკლი ღარიბაშვილმა 2021 წლის მარტშიც ისაუბრა. მაშინ მთავრობის მეთაური აცხადებდა, რომ ანაკლიის პორტის პროექტზე ინვესტორის გამოსავლენად ტენდერი უახლოეს მომავალში ჩატარდებოდა, ხოლო ეკონომიკის სამინისტროს ახალი ინვესტორის შერჩევაში საერთაშორისო კონსულტანტი დაეხმარებოდა.

გასული წლის მიწურულს ცნობილი გახდა, რომ ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი სახელმწიფოს თანამონაწილეობით აშენდება. კერძოდ, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პორტის 51%-ის მფლობელი სახელმწიფო იქნება, დანარჩენი წილი კი, ტენდერის გზით საერთაშორისო პარტნიორებს გადაეცემათ. შესაბამისი გადაწყვეტილება პრემიერმა 12 დეკემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე გააცხადა და პროექტის ინვესტორი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ პორტის პროექტის განხორციელებისას უპასუხისმგებლობაში დაადანაშაულა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები