მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის დასრულდება არაგვზე ახალი ხიდის მშენებლობა

არაგვის ხიდი

მდინარე არაგვზე, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კილომეტრზე ახალი ხიდის მშენებლობა მიმდინარე წელს უნდა დასრულდეს. სამუშაოების დასრულების შემდეგ ხიდი ექსპლუატაციაში შევა და დასავლეთიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი სატვირთო ავტომობილებისთვის დაწესებული დროებითი შეზღუდვა მოიხსნება.

ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და კონტრაქტორი კომპანიის "კავკასუს როუდ პროჯექტის" წარმომადგენლებთან ერთად, ხიდის მშენებლობის მიმდინარეობა ადგილზე დაათვალიერა.

მინისტრის განცხადებით, არსებული ხიდის უსაფრთხოდ ფუნქციონირებისა და მოძრაობის შეფერხებების პრევენციის მიზნით, 13 აგვისტოდან დასავლეთიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი სატვირთო ავტომობილები დროებით ნარეკვავი–მცხეთა–ზაჰესის მარშრუტით გადაადგილდებიან.

„ეს არის პრევენციული ღონისძიება, რომლის მიზანია არსებულ ხიდზე მაღალი დატვირთვით გამოწვეული დაზიანებებისა და, შესაბამისად, უფრო მასშტაბური შეზღუდვების თავიდან აცილება. შეზღუდვა წლის ბოლომდე იმოქმედებს და ახალი ხიდის ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ მოიხსნება“, — განაცხადა რევაზ სოხაძემ.

მისივე ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილებისთვის მოძრაობა ორივე მიმართულებით თავისუფალია და 60 კმ/სთ სიჩქარის რეჟიმით მიმდინარეობს. აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით სატვირთო ავტომობილები კი არსებული რეჟიმით გადაადგილდებიან.

„გვესმის, რომ სატვირთო მოძრაობის ალტერნატიულ მარშრუტზე გადართვა გარკვეულ დისკომფორტს შეუქმნის მცხეთის მოსახლეობას და ამისთვის მათ წინასწარ ბოდიშს ვუხდი. თუმცა, ეს არის იძულებითი და დროებითი გადაწყვეტილება, რომელიც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას ემსახურება. ახალი ხიდის მშენებლობაზე მაქსიმალურად ინტენსიურ რეჟიმში ვიმუშავებთ, რათა სამუშაოები მაქსიმალურად მოკლე ვადაში დასრულდეს და შეზღუდვაც მოიხსნას“, - აღნიშნა მინისტრმა.

არსებული ხიდი 1970-იან წლებში აშენდა. მაღალი ინტენსივობისა და დატვირთვის პირობებში მის სავალ ნაწილზე პერიოდულად წარმოიქმნება დაზიანებები, რომელთა შეკეთებაც მოძრაობის ნაწილობრივ შეზღუდვას საჭიროებს.

ახალი ხიდი არსებული ნაგებობის პარალელურად შენდება და თანამედროვე სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს. პროექტზე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტს“ შორის 2023 წლის 12 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში მუშაობენ. კონტრაქტის ღირებულება 40 მილიონი ლარია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ახალი ხიდის ექსპლუატაციაში გაშვება 2026 წლის ბოლომდე იგეგმება. სწორედ ამის შემდეგ უნდა გაუქმდეს დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით სატვირთო ავტოტრანსპორტისთვის დაწესებული დროებითი შეზღუდვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები