„აკაკი წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და ის 2024 წლის იანვარში დასრულდება, უნივერსიტეტის ქუჩაზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოები კი 1 თვეში, ნოემბრის ბოლომდე დასრულდება“, - ამის შესახებ მერიის მიერ BMG-ისთვის გამოგზავნილი ოფიციალური ინფორმაციაშია საუბარი.
„დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამ დროისთვის, გამზირზე პროექტის მეორე ეტაპის სამუშაოები ხორციელდება. პირველ ნაწილში, დასრულებულია მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლა და განახლება, დაგებულია ასფალტის საფარის ქვედა ფენები და ჭები მოყვანილია ნიშნულზე.
ამჟამად, ტროტუარებზე მიწისქვეშა კაბელ-არხები ეწყობა, სადაც შემდეგ საჰაერო სადენების გადატანა მოხდება. გარდა ამისა, დაწყებულია გარე განათების ახალი ქსელის მოწყობაც.
გამზირის მეორე მხარეს, სადაც საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია, ამ დროისთვის მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია და ძველი სავალი ნაწილის მოხსნა მიმდინარეობს.
პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები საბოლოოდ, 2024 წლის იანვარში დასრულდება", - აცხადებენ მერიაში.
რაც შეეხება უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაციას, მერიიც ინფორმაციით, სამუშაოები ბოლო ეტაპზეა.
"ამ დროისთვის, დასრულებულია ყველა ტიპის მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია, მათ შორის, წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე და გაზმომარაგების ქსელები.
ქუჩის ერთ მხარეს გზის სავალ ნაწილზე დაგებულია ასფალტის საფარის ქვედა ფენები, ხოლო დანარჩენ ნაწილში ასფალტის საფარის დაგება უახლოეს პერიოდში დასრულდება.
ამჟამად, ტროტუარებზე საჰაერო სადენების გადასატანად, მიწისქვეშა კაბელ-არხების მოწყობა ხდება. ამასთანავე, გარე განათების ახალი ქსელი ეწყობა.
პროექტის ფარგლებში, უსაფრთხოების მიზნით რამდენიმე ადგილას ფერდის დამცავი კედლები ეწყობა. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები დაგეგმილ ვადებში მიმდინარეობს და წლის ნოემბრის ბოლოს დასრულდება“, - ნათქვამია მერიის მიერ გამოგზავნილ ინფორმაციაში.
რაც შეეხება კითხვას, სამომავლო პროექტებთან მიმართებით, მერიაში აცხადებენ, რომ მომდევნო წლის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესი ამჟამად მიმდინარეობს და 2024 წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები უახლოეს პერიოდში დაზუსტდება.