გვინდა, რომ მარტის თვიდან ერთხელ და სამუდამოდ ინფექციურ საავადმყოფოს ჰქონდეს თავისი თანამედროვე და მაღალი სტანდარტის შენობა - ეს განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ BM.GE-ს კითხვის საპასუხოდ გააკეთა, რომელიც ინფექციური საავადმყოფოს ახალი შენობის მშენებლობის პროცესის გაჭიანურებას და ინფექციურის ახალ შენობას შეეხებოდა.
ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე მდებარე ინფექციური საავადმყოფოს შენობა 2009 წლიდან კერძო მფლობელობაშია. მისი მესაკუთრე "ავერსი ფარმაა", რომელმაც სახელმწიფოსგან აღნიშნული ტერიტორია 12,5 მილიონ დოლარად 13 წლის წინ შეიძინა, თუმცა მიუხედავად ამისა, მფლობელი არსებულ შენობას ვერ იყენებს. ამ დროის განმავლობაში, ინფექციურ საავადმყოფოს საკუთარი შენობა არ ჰქონდა.
ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ მშენებლობის გაჭიანურების მიზეზი დაწესებულების სპეციფიკაა, რის გამოც, ბევრი გადაკეთება გახდა საჭირო. მიუხედავად ამისა, მშენებელი კომპანია არაერთხელ დაჯარიმდა. აზარაშვილმა თქვა, რომ პროცესი მარტში დასრულდება და კლინიკა GCI სტანდარტის იქნება.
"მოგეხსენებათ, ეს ადამიანები 2009 წლის შემდეგ მოლოდინის რეჟიმში არიან. მაშინ გაიყიდა ინფექციური საავადმყოფო. მე, როცა 2022 წელს მოვედი, მაშინ უკვე შეძენილი იყო ახალი შენობა. ვფიქრობ, ძალიან ოპერატიულად შევძელით კომპანიის შერჩევა და სამუშაოების დაწყება.ძალიან ბევრი გადაკეთებები და ნიუანსები იყო თავად ინფექციური საავადმყოფოს სპეციფიკიდან გამომდინარე, რამაც ძალიან ბევრი დრო მოითხოვა. მინდა, აქვე დავაზუსტო, სარემონტო ბიუჯეტის ნაწილში, არცერთი ლარით არ მომხდარა ზრდა. დაგვიანების გამო კი, კომპანიას აქვს არაერთი ჯარიმა.
ჩვენ, ინფექციურის თანამშრომლებთან და კომპანიასთან ერთად ვცდილობთ, რაც შეიძლება მალე დავასრულოთ პროცესი. პარალელურად მიდის აღჭურვის შესყიდვების პროცესი. გვინდა, რომ მარტის თვიდან ერთხელ და სამუდამოდ ინფექციურ საავადმყოფოს ჰქონდეს თავისი თანამედროვე და მაღალი სტანდარტის შენობა. ჩვენ, GCI სტანდარტით გვინდა იყოს ახალი ინფექციური. ყველა სპეციფიკა და ნიუანსი გვინდა იყოს გათვალისწინებული" - განაცხადა აზარაშვილმა.
შეგახსენებთ, ინფექციური საავადმყოფო ლუბლიანას ქუჩაზე, ნომერ 70-ში გადადის. შენობის ყოფილი მესაკუთრეა შპს “სამედიცინო ინოვაციების ცენტრი”, რომლისგანაც საქართველოს მთავრობამ ეს უძრავი ქონება შეიძინა. ინფექციური საავადმყოფოსთვის შეძენილი ახალი შენობის რემონტს და მისი აღჭურვის სამუშაოებს სამშენებლო კომპანია "ანაგი" ახორციელებს. პროექტის ბიუჯეტი 24.8 მილიონი ლარია.