როდის მომზადდება „კანონი ფოსტის შესახებ“ კვლავ უცნობია. საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე აცხადებს, რომ მასზე მუშაობა მიმდინარეობს და კანონპროექტი კანონად სავარაუდოდ მალე იქცევა.
„ეს კითხვა ალბათ უფრო კანონშემოქმედს უნდა დაუსვათ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. მუშაობა რა თქმა უნდა მიმდინარეობს ამ კანონპროექტზე, რომელიც უნდა არსებობდეს და რეგულაცია უნდა ეხებოდეს ამ სფეროს. მე იმედი მაქვს, რომ შედეგი დროულად იქნება მიღწეული და შედეგში ვგულისხმობ, რომ კანონპროექტი გადაიქცევა კანონად“- განაცხადა ლევან ჩიკვაიძემ.
როგორც ცნობილია, ფოსტის შესახებ კანონპროექტი, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შეიმუშავა, ძალაში შესვლის შემთხვევაში "საქართველოს ფოსტას" ეროვნული ოპერატორის სტატუსს კონკურსის გამოცხადების გარეშე მიანიჭებს, რაც მას სხვა კომპანიებთან შედარებით უპირატეს მდგომარეობაში ჩააყენებს.
აღნიშნულ კანონპროექტს აპროტესტებენ სხვა გადამზიდავი კომპანიები და მის შეცვლას უკვე რამდენიმე წელია ითხოვენ.

























