მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის ექნება საქართველოს ერთიანი სივრცითი განვითარების კონცეფცია? - ლევან დავითაშვილის პასუხი

ეკონომიკის მინისტრი

საქართველოს ერთიანი სივრცითი განვითარების კონცეფციაზე მუშაობა, სავარაუდოდ, წელიწად-ნახევარში დასრულდება. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

კონცეფციის შემუშავების, ასევე ცალკეულ მუნიციპალიტეტებში გენგეგმების დამტკიცების გაჭიანურების საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ, ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ საკითხი კომპლექსურია. მისი თქმით, ერთ-ორ წელიწადში მნიშვნელოვან ადგილებზე უკვე იქნება გენგეგმები.

ამასთან, დავითაშვილმა აღნიშნა, რომ უნდა გაიზარდოს შესაძლებლობები როგორც ცენტრალურ, ისე მუნიციპალიტეტების დონეზე, რაც პროცესებს დააჩქარებს და არსებულ გამოწვევებს უპასუხებს.

„რამდენიმე გზა არსებობს იმისთვის, რომ არ მივიღოთ ქაოტური განვითარება და მეორე მხრივ, არ შევაფერხოთ განვითარება. ამიტომ გვაქვს ისეთი ტიპის რეგულაციები, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ კონკრეტულ ლოკაციებზე მოხდეს კონკრეტული გეგმების შეთანხმება. ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში გენგეგმების შემუშავების კუთხით. ძირითადად იდენტიფიცირებულია ისეთი ადგილები, სადაც უფრო მეტია კერძო სექტორის მხრიდან განაშენიანებაზე მოთხოვნა. მათ შორის, ესაა საკურორტო-რეკრეაციული ადგილები, სადაც ვიცით, რომ ქაოტური განაშენიანების მიდრეკილება არსებობს და აქ გვინდა, რომ საკმაოდ სწრაფად დავარეგულიროთ ასეთი არეალები. თითქმის ყველა აქტორი არის ჩართული, მაქსიმალურად გვყავს ჩართული კერძო სექტორი იმისთვის, რომ მაქსიმალურად სწრაფად მივიღოთ ასეთი გეგმები. თუმცა იცით, რომ გეგმის მიღება არ არის მარტივი. საჭიროა კონცეფციის შემუშავება, საჯარო განხილვები, მოსახლეობის მხრიდან ჩართულობა იმისთვის, რომ ხარისხიანი გეგმები მივიღოთ. ჩვენ ეს პროცესი დავიწყეთ ბოლო ორი წელია, მიმდინარეობს ინტენსიურად. ერთ-ორ წელიწადში ჩვენ გვექნება ძალიან მნიშვნელოვან ადგილებზე უკვე გენგეგმები, რომლებიც საშუალებას მოგვცემს ამ ადგილების უფრო სწრაფად და ადეკვატურად განვითარება მოვახდინოთ. რაც შეეხება ერთიანი სივრცითი განვითარების კონცეფციას, ამაზე მუშაობს [სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების] სააგენტო, ეს წლების პროცესია, მაგრამ ვფიქრობთ, კონცეფციას წელიწად-ნახევარში ალბათ დავასრულებთ. შემდგომში იქნება უფრო დეტალიზებაზე მუშაობა“, - თქვა ლევან დავითაშვილმა, რომელიც დღეს ეროვნულ სივრცით ფორუმს დაესწრო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები