მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის გააქტიურდა მეწყრული ზონა და რა იყო ამის მიზეზი? - გარემოს ეროვნული სააგენტოს განმარტება

605366e2d8ae3
ვიქტორია მღებრიშვილი
18.03.21 19:02
3197
გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსის მერაბ გაფრინდაშვილის განმარტებით, ვაშლიჯვრის ფერდობზე მეწყრული პროცესების გააქტიურება მარტის დასაწყისში დაიწყო. ამის შესახებ მან თბილისის მერიაში გამართულ სპეციალურ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

„მიმდინარე წლის მარტში ვაშლიჯვარი - ლისის საავტომობილო გზის, მაჭავარიანის ქუჩაზე ისტორიულად ძველ ტექტო-სეისმო-გრავიტაციული ბლოკის ფარგლებში მეორადი გენერაციის მეწყრული სხეული განვითარდა, რომლის ძირითადი გამომწვევი მიზეზები სამიზნე არეალის რთული მორფოლოგიურ-გეოლოგიური აგებულება, ამგები ქანების თანხვედრა ფერდობის დახრასთან, ქანების იმ დონეზე დაშლილობაა, რომელიც სხვადასხვა პროცესებიდან გამომდინარე ეს იქნება ტექტონიკური თუ გამოფიტვის პროცესები, უკიდურესი დამყოლობა აქვს მეწყრულ გრავიტაციულ და ეროზიულ პროცესებთან მიმართებაში.

ამასთან, მათი დანაპრალიანების ხარისხი იმდენად დიდია, რომ მიწისქვეშა წყლების ზემოქმედება აქტიურად მიმდინარეობს და ეს განსაკუთრებით სეზონურობასთან არის დაკავშირებული. ყოველივე ამან გააქტიურა მეწყრული სხეული“, - განაცხადა მერაბ გაფრინდაშვილმა.

გეოლოგის განმარტებით, სახელმწიფო უწყებები მეწყრული პროცესების გააქტიურებისთანავე ჩაერთვნენ მოკვლევის სამუშაოებში და პრევენციული ზომებიც მიიღეს.

„დღეს, ისე გამოჩნდა, რომ გუშინ ღამით ვიღაცას გაუგია, რომ აქ მეწყერი მოხდა და არავინ იცოდა ამ პროცესების შესახებ. პირველივე დღიდანვე შესაბამისი სახელმწიფო უწყებები იყვნენ ჩართულები და ხორციელდებოდა კვლევები მეწყრის დინამიკასა და გადაადგილებაზე. ბოლო დღეებში, როდესაც პროცესი უფრო მეტად გააქტიურდა, შესაბამისმა სამსახურებმა სატრანსპორტო საშუალებებისა და საფეხმავლო მიმოსვლის შეზღუდვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღეს. ამჟამად კვლევები გრძელდება. ველოდებით მომავალ კვირას უცხოელ ექსპერტებს. მუშავდება რეკომენდაციები, რომლის საფუძველზე მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები განხორციელდება“, - განმარტა გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, მოსახლეობის ევაკუაციაზე საუბარი არ მიმდინარეობს, რადგან სტიქიის ზონაში და არც მის მიმდებარედ არავინ ცხოვრობს. მერაბ გაფრინდაშვილის განმარტებით, ნალექი მეწყრული პროცესების კიდევ უფრო გააქტიურებას ხელს შეუწყობს.

„ამ ტიპის მეწყრული სხეულების გენეზისი ისეთია, რომ იმ ნაპრალებში და ცვეთის წყალგაუმტარ ზედაპირებზე ნალექის მოხვედრისას ბლოკების გადაადგილება მოხდება. ამიტომ 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს მონიტორინგი. მეწყრული სხეული მდებარეობს 2 ხევს შორის და ამ მეწყერის უკან არავითარი მშენებლობები არც არის და დღესაც არ მიმდინარეობს“, - აღნიშნა გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები