მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როდის გაავრცელებენ "თიბისი ბანკის" საქმეზე დეტალურ განცხადებას - პროკურატურას პასუხი არ აქვს

5c35ad9903570
თელარა გელანტია
09.01.19 12:13
963
გაავრცელებენ თუ არა და როდის გაავრცელებენ „თიბისი ბანკის“ საქმეზე დეტალურ განცხადებას, მთავარ პროკურატურაში, ჯერჯერობით, ვერ ამბობენ.

ამის შესახებ bm.ge-ის მთავარი პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლო განჩინების საფუძველზე, პროკურატურამ რომ „თიბისი ბანკიდან“ გარკვეული დოკუმენტაცია ამოიღო, ამის შესახებ ინფორმაცია გუშინ 1tv.ge-მ გაავრცელა.

მოგვიანებით, აღნიშნული მთავარ პროკურატურაშიც დაადასტურეს, მაგრამ არაფერი უთქვამთ იმაზე, კონკრეტულად რა საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.

„გიდასტურებთ, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს, „თიბისი ბანკის“ საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამავე ბანკიდან გამოთხოვილი და ამოღებული აქვს გარკვეული დოკუმენტაცია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დოკუმენტების შესწავლა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები. საქმეზე დამატებით ინფორმაციას, მათ შორის დეტალებს გამოძიების შესახებ უახლოეს მომავალში გავავრცელებთ“, – განაცხადეს პროკურატურაში.

დღის ბოლოს განცხადება გაავრცელა საქართველოს ეროვნულმა ბანკმაც.

„ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ "თიბისი ბანკი" ჯანსაღი საკრედიტო ორგანიზაციაა, გააჩნია ლიკვიდური სახსრების და საზედამხედველო კაპიტალის ადეკვატური დონე.
ეროვნული ბანკის შეფასებით, მიმდინარე საგამოძიებო პროცესი გავლენას არ მოახდენს საბანკო სექტორის მდგრად და ეფექტიან ფუნქციონირებაზე, რასაც მაქსიმალურად უზრუნველყოფს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საზედამხედველო პოლიტიკის არსებობა“, - ნათქვამი იყო განცხადებაში.

თავად „თიბისი ბანკს“, ჯერჯერობით, განმარტება არ გაუკეთებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები