მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის გადავა ინფექციური საავადმყოფო ახალ შენობაში? - თენგიზ ცერცვაძის პასუხი

63ac50de506b5
მარიამ დემეტრაშვილი
28.12.22 18:35
836
თბილისის ინფექციური საავადმყოფოსა და „ავერსი ფარმას“ შორის საიჯარო ხელშეკრულების ვადა 31 დეკემბერს იწურება. ეს ნიშნავს, რომ 2023 წლიდან საავადმყოფომ ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე არსებული ტერიტორია უნდა დატოვოს, თუმცა ახალ შენობაში გადასვლა ჭიანურდება.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე BMG-სთან საუბარში ამბობს, რომ ახალ შენობაში რეალურად გადასვლის შანსი სწორედ ახლა გაჩნდა, მანამდე კი ყველა დაპირება არარეალური იყო.

მისივე თქმით, გადასვლის გაჭიანურების ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ახალი შენობა ინფექციური პროფილის კლინიკისთვის შეუსაბამო იყო.

„პირველად შეიქმნა სიტუაცია, როცა მივდივართ რეალურ ფინიშამდე. მთელი ეს პერიოდი წინა წლებში იყო დაპირებები, რომელსაც იმ მომენტში რეალური საფუძველი არ ჰქონდა. სახელმწიფომ შეიძინა და გადმოგვცა ერთ-ერთი საუკეთესო შენობა, მაგრამ იყო ერთი დაბრკოლება - ეს შენობა არ იყო გათვალისწინებული ინფექციური პროფილის კლინიკისთვის. ინფექციური პროფილის კლინიკას სჭირდება მთელი რიგი რეგულაციით გათვალისწინებული თავისებურებები, რაც ეხება ვენტილაციას, პაციენტების ნაკადების მოძრაობას, პალატები უნდა იყოს ბოქსირებული, მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი ინფექციის გადაცემის რისკი. ეს არც ისე მარტივი გამოდგა“, - თქვა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე ინფორმაციით, ახალი შენობის სარემონტო სამუშაოების დამთავრების ბოლო ვადა არის 6 ივნისი და ჯანდაცვის სამინისტროს აქვს მკაცრი პოზიცია, რომ ეს თარიღი არ გადავადდეს. თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ, ახალ მისამართზე გადასვლას 2-3 თვე დასჭირდება.

ცნობისთვის: თბილისში, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე მდებარე ინფექციური საავადმყოფოს შენობა 2009 წლიდან კერძო მფლობელობაშია. მისი მესაკუთრე "ავერსი ფარმაა", რომელმაც სახელმწიფოსგან აღნიშნული ტერიტორია 12,5 მილიონ დოლარად 12 წლის წინ შეიძინა, თუმცა მიუხედავად ამისა, მფლობელი არსებულ შენობას ვერ იყენებს.

ინფექციური საავადმყოფო ლუბლიანას ქუჩაზე, ნომერ 70-ში გადადის. შენობის ყოფილი მესაკუთრეა შპს “სამედიცინო ინოვაციების ცენტრი”, რომლისგანაც საქართველოს მთავრობამ ეს უძრავი ქონება შეიძინა. ამ კომპანიის 100%-იან წილს “საპარტნიორო ფონდის” გენერალური დირექტორის დავით საგანელიძის ძმა გია საგანელიძე ფლობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები