მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის გაიხსნება თბილისში უმაღლესი კლასის Luxury Collection-ის სასტუმრო?

5e04ce56bb6f2
სალომე მეცხვარიშვილი
26.12.19 22:14
4601
საერთაშორისო კომპანია Marriott-ის ბრენდის ქვეშ მოქმედი უმაღლესი კლასის Luxury Collection-ის ქსელი საქართველოში თანაინვესტირების ფონდს შემოჰყავს. სასტუმრო “პანორამა თბილისის” პროექტის ფარგლებში, თავისუფლების მოედანზე უნდა გაიხსნას. თუმცა, პროექტი 3 ობიექტს მოიცავს, სასტუმროებს: სოლოლაკის მაღლობზე, თავისუფლებისა და ერეკლე მეორის მოედნებზე, რომლებიც ერთმანეთს საბაგიროთი უნდა დაუკავშირდეს.

თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი ცოტნე ებრალიძე bm.ge-ისთან ამბობს, რომ Luxury Collection-ის სასტუმრო თავისუფლების მოედანზე მომდევნო წლის შემოდგომაზე გაიხსნება.

"მსგავსი მასშტაბის სასტუმრო თბილისში არ არის და, ჯერჯერობით, არც მომავალში არ იგეგმება. ვგულისხმობ, ბრენდის კატეგორიას, ამ კატეგორიის ბრენდი თბილისში არ არის წარმოდგენილი. ეს არის “ლაქშერი” კატეგორიის სასტუმრო, მარტივად რომ ვთქვათ, ეს იგივე კატეგორიის სასტუმროა, როგორიც არის Ritz Carlton”,- აცხადებს ცოტნე ებრალიძე.

რაც შეეხება პროექტის დანარჩენს ნაწილს, მისი თქმით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს სოლოლაკის მაღლობზე, თუმცა აქ პროექტმა ცვლილება განიცადა.

“გავზარდეთ საკონფერენციო სივრცეები, თავიდან თუ ჯამში დაგეგმილი იყო, რომ საკონფერენციო სივრცეებისთვის 2 ათას კვადრატულ მეტრამდე დაგვეთმო, დღეს ეს ფართი 30 ათას კვადრატამდე ავიდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ბიძგი იქნება ე.წ. MICE ტურიზმის განვითარებისთვის, რადგან დღეს ქალაქში არ არის სივრცე, სადაც შესაძლებელია ერთდროულად რამდენიმე დიდი კონფერენციის ჩატარება, სადაც შეიძლება 2-3 ათასი ადამიანის განთავსება”,- აცხადებს ცოტნე ებრალიძე.

შეგახსენებთ, თანაინვესტირების ფონდი პარტია “ქართული ოცნების” ლიდერისა და მილიარდერის ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაშია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები