მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როდის გამოჩნდება თბილისში "ბოთლიყლაპია" აპარატები?

5c1df23ad17ac
ნინი თურქია
22.12.18 13:09
1241
„ბოთლიყლაპია“ აპარატები, რომელიც თბილისში წლის ბოლომდე უნდა გამოჩენილიყო, ჯერჯერობით, არ ჩანს.

საქმე იმაშია, რომ დედაქალაქში „ბოთლიყლაპია“ აპარატების დადგმის იდეა თბილისის მერიის პროექტის - “შენი იდეა ქალაქის მერს” ფარგლებში მოიწონეს.
იდეის ავტორმა კუკური ბარამიძემ bm.ge-ის მიმდინარე წლის ზაფხულში უთხრა, რომ „ბოთლიყლაპია“ აპარატები ქალაქში წლის ბოლომდე გამოჩნდებოდა. 
აპარატები პლასტმასის გადამამუშავებელი ქარხნის ერთგვარი ბანკომატი უნდა ყოფილიყო, რომლიდანაც მოქალაქეებს ფულის მიღების შესაძლებლობა ექნებოდათ.

“თუ მაგალითად, კოკა-კოლა 2.00 ლარი ღირს, თქვენ მასში 2.20 ლარის გადახდა მოგიწევთ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სასმელზე ფასი გაგეზარდათ. სხვაობას ანუ 20 თეთრს თქვენ უკან დაიბრუნებთ “ბოთლიყლაპია აპარატების” მეშვეობით”, -აცხადებდა მაშინ ბარამიძე.

თუმცა დღეს კუკური ბარამიძე ამბობს, რომ არ ფლობს ინფორმაციას არც „ბოთლიყლაპია აპარატების“ დადგმის თარიღზე და არც იმ ლოკაციებზე, სადაც აპარატები უნდა განთავსებულიყო.

იდეის ავტორი ფიქრობს, რომ ქალაქში „ბოთლიყლაპია აპარატების“ დადგმა სასარგებლო იქნებოდა სასმელის მწარმოებელი კომპანიებისთვისაც, რომლებიც, დღესდღეობით, ბოთლებს საზღვარგარეთ ყიდულობენ.

„დაგეგმილი იყო პლასტმასის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობაც, მაგრამ დღეს არც ამის შესახებ მაქვს ინფორმაცია; არადა, სასმელის მწარმოებელ კომანიებსაც ადგილზე წარმოებული ბოთლების შეძენა ბევრად იაფი დაუჯდებოდა“, - აღნიშნა მან.

საერთოდ გამოჩნდება თუ არა თბილისში ე.წ. “ბოთლიყლაპია აპარატები“ და რა ბედი ელის თავად დედაქალაქის მერიის მიერ მოწონებულ იდეას, ამის გასარკვევად, Bm.ge თბილისის მერიას დაუკავშირდა და პასუხს ელოდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები