"მომზადებულია ეს თემა და, ალბათ, ერთ მშვენიერ დღეს დღის სინათლეს იხილავს",- ასე პასუხობს შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან რაზმაძე საქმის კურსის შეკითხვას, როდის მიიღებენ კომპანიები შეღავათებს ტენდერებში ქართულ პროდუქციის გამოყენებისთვის. ვადებს ლევან რაზმაძე არ აკონკრეტებს და ამბობს, რომ ეს დღე "ალბათ ძალიან მალე დადგება".
"ეს სენსიტიური თემაა, ეს არ არის მარტივად გადასაწყვეტი თემა, იმიტომ, რომ ბევრი უცხოელი პარტნიორი უყურებს ამას, ბევრი საკითხია",- ამბობს ლევან რაზმაძე.
ქართული პროდუქციის გამოყენებისთვის შეღავათების დაწესების საკითხი უკვე ერთი წელია მთავრობის მიერ არის დაანონსებული, თუმცა, ამ დრომდე მინისტრთა კაბინეტს არ განუსაზღვრავს იმ პრიორიტეტული დარგების სია, რომელზეც შეღავათები გავრცელდება.
უნდა ითქვას, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით შენიშვნები ჰქონდა EBRD-ს. რამდენიმე თვის წინ EBRD-ის წარმომადგენელმა საქმის კურსს განუცხადა, რომ მცირე და საშუალო ბიზნესს განვითარებისთვის ღია ბაზარი და ფინანსებთან ხელმისაწვდომობა სჭირდება და არა პრივილეგიები.
თუმცა, მაშინ ლევან რაზმაძე აცხადებდა, რომ შეღავათების დაწესება პრივილეგიებს არ ნიშნავს.
"ამას პრივილეგიას ვერ დავარქმევ, რადგან ქართულ კომპანიებს უწევთ სხვა კომპანიებთან ერთად ტენდერში მონაწილეობის მიღება, სადაც მათ აუცილებელ პირობად უდგათ, რომ უნდა გაიმარჯვონ. ამ შემთხვევაში, სავარაუდოდ, სუბსიდიის, სტიმულირების სახით კანონზე დაყრდნობით და არავითარ შემთხვევაში ხელაღებით, ის მიიღებს დახმარებას. გამარჯვება არის უპირობო კრიტერიუმი",- აცხადებს ლევან რაზმაძე.

























