მთავრობა საბანკო ზედამხედველობის სამსახურის ეროვნულ ბანკში დაბრუნებაზე რამდენიმე თვის წინ შეთანხმდა, თუმცა, გადაწყვეტილება ამ დრომდე აღსრულებული არაა.
ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პირველად „ბიზნესკონტრაქტის“ ეთერში განაცხადა, რომ საფინანსო ზედამხედველობას კვლავ ეროვნული ბანკი განახორციელებს და ამაზე მთავრობა შეთანხმებულია. განცხადება დიმიტრი ქუმსიშვილმა ჯერ კიდევ მაისში გააკეთა, თუმცა, 4 თვის შემდეგაც საბანკო ზედამხედველობის სამსახური კვლავ დამოუკიდებელ სტრუქტურად რჩება, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ საკითხს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს, პარლამენტის მიერ მიღებული კანონის აღსრულება შეჩერებულია. ეროვნული ბანკის საქმეს საკონსტიტუციო სასამართლო უკვე ერთი წელია განიხილავს.
სასამართლომ საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მუშაობა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გასული წლის ოქტომბერში შეაჩერა. საბანკო ზედამხედველობის შესახებ კანონის კონსტიტუციურობის დასადგენად სასამართლოს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ დეპუტატებმა მიმართეს.
როგორც "ბიზნესკონტრაქტს“ "თავისუფალი დემოკრატების" ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძემ განუცხადა, სასამართლო აღნიშნულ საკითხზე სათათბირო ოთახში იყო გასული და გადაწყვეტილება უნდა მიეღო. თუმცა, ადვოკატის განმარტებით, პროცესში საკონსტიტუციო სასამართლოს 4 მოსამართლეს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. შედეგად, უცნობია, ახალი მოსამართლეები ხელახლა განიხილავენ საქმეს, თუ დაეყრდნობიან ძველ განხილვებს და ამის საფუძველზე მიიღებენ გადაწყვეტილებას.
ადვოკატს უჭირს, კონკრეტული თარიღის დასახელება, როდის შეიძლება ამ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს.
სანამ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას მთავრობა და საკონსტიტუციო სასამართლო არ ჩქარობენ, საქართველო ამ გადაწყვეტილების გამო 23 მილიონი ევროს დაფინანსებას ვერ იღებს. ის, რომ IMF-ის პროგრამის დასრულებას და დაფინანსების გამოყოფას ხელს საბანკო ზედამხედველობის კანონი უშლის, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმაც დაადასტურა.
"პროგრამა არ არის დასრულებული და ამის ერთ-ერთი მიზეზი იყო სწორედ ზედამხედველობის სამსახურის საკითხი. თქვენ იცით, რომ ამ საკითხს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლო. 23 მილიონი ევროა ის თანხა, რომელიც პირდაპირ არის დამოკიდებული საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიაზე, მათ შორის, ეს არის 10 მილიონი გრანტი და 13 მილიონი ევროს სესხი ევროკავშირიდან, რომელსაც ველოდებით და იმედი მაქვს, რომ სავალუტო ფონდთან ძალიან კონსტრუქციულად გავაგრძელებთ მუშაობას", - განაცხადა ნოდარ ხადურმა მაისის დასაწყისში.
საფინანსო სექტორის ზედამხედველობის სამსახური დეპუტატ თამაზ მეჭიაურის მიერ მომზადებული კანონის მეშვეობით ეროვნულ ბანკს გასულ წელს გამოეყო. მეჭიაურის ინიციატივას პრეზიდენტი, ეროვნული ბანკი და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიც ეწინააღმდეგებოდნენ.
გასული წლის 31 ივლისს პრეზიდენტმა პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტს ვეტო დაადო, თუმცა, პარლამენტმა ვეტო დაძლია, პრეზიდენტმა კი მეჭიაურის მიერ მიღებულ კანონპროექტს ხელი 10 სექტემბერს მოაწერა.

























