ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის თავდაპირველი პროექტის თანახმად, ანაკლიის ნავსადგურში პირველი გემი 2020 წელს, პირველი ფაზის დასრულების შემდეგ, უნდა შემოსულიყო. როდის შემოვა პირველი გემი ანაკლიის პორტში ახალი პროექტის თანახმად? - ამ კითხვას დღეს გამართულ პლენარულ სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი პასუხობს.
მინისტრის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი რთული პროექტია და ამ დრომდე, მისი განხორციელება ვერ მოხერხდა, საქართველო საკუთარ საზღვაო-სატრანსპორტო პოტენციალს ახლა ითვისებს, რასაც 2022 წელს მთლიან შიდა პროდუქტში ტრანსპორტისა და დასაწყობების წილის 6,5%-მდე ზრდა ადასტურებს. დავითაშვილი აღნიშნავს, რომ ანაკლიის პორტი საქართველოს ეკონომიკისთვის გრძელვადიანი პერსპექტივაა, რომელიც მეზობელ ქვეყნებთან კოორდინაციაზეა დამოკიდებული.
“რა თქმა უნდა, ანაკლიის პორტი საჭიროა, თუმცა ჩვენ ვსაუბრობთ გრძელვადიან პერსპექტივაზე. მნიშვნელოვანია კოორდინაცია ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან. ფოთისა და ბათუმის პორტები ე.წ. შუა დერეფანს ემსახურებიან, რომელიც საქართველოს ევროპასთან და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან აკავშირებს, ამას უნდა ემსახურებოდეს ანაკლიის პორტიც. მნიშვნელოვანია, დერეფნის გამტარუნარიანობა და შესაძლებლობები გავითვალისწინოთ.
ვავითარებთ პორტს, ვავითარებთ პასუხისმგებლობით და ეს იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში, იმ დროის, როდესაც საქართველოს შესაძლებლობები კიდევ უფრო განვითარდება და დერეფანში ტვირთი კიდევ უფრო მეტი გვექნება. რაც შეეხება უშუალო ვადებს, ჩვენ გათვალისწინებული გვაქვს, რომ მშენებლობის დაწყებიდან 3 წელი დასჭირდება პორტს, რომ პირველი ფაზა დასრულდეს. მშენებლის შერჩევიდან 9 თვის განმავლობაში, ყველა მოსამზადებელი სამუშაო დასრულდება და მშენებელი კომპანია იურიდიულად იქნება მზად, რომ სამუშაოები დაიწყოს”, - აცხადებს ლევან დავითაშვილი.
გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობა ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის წლევანდელი ბიუჯეტიდან 20 მლნ ლარს გამოყოფს. დავითაშვილის განცხადებით, პროექტის პირველი ფაზის საინვესტიციო ღირებულება 589 მლნ დოლარია.