ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ დაკავებულ „კრისტალ ჯგუფის“ ხელმძღვანელს, ვლადიმერ სტეფანიანს ბრალს დღეს წარუდგენენ. ამის შესახებ bm.ge-ს ინფორმაცია პროკურატურაში დაუდასტურეს.
უწყების ინფორმაციით, დაკავება დაკავშირებულია დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტთან.
როგორც საგამოძიებო სამსახურში 8 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, გამოძიების მონაცემებით, ვლადიმერ სტეფანიანმა, რომელიც „კრისტალ ჯგუფის“ კომერციული დასახელების ქვეშ გაერთიანებული შპს „ბაკურიანი ბიზნეს ჯგუფის“ და შპს „ჰოტელს მენეჯმენტ გრუპის“ დამფუძნებელია, ბაკურიანის დიდველის ტერიტორიაზე ნებართვის გარეშე თვითნებურად ააშენა ხუთი სასტუმრო-აპარტამენტი, მოაწყო კერძო საბაგირო, სათხილამურო ტრასა და ტობოგანი, რომელთა გამოყენების შესაძლებლობა მხოლოდ „კრისტალ ჯგუფის“ მომხმარებლებს ჰქონდათ.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, უნებართვოდ აშენებული ობიექტების რეალიზაციიდან მიღებულმა უკანონო შემოსავალმა რამდენიმე ათეულ მილიონ ლარს მიაღწია, მათ შორის დადგენილია 1 894 925 ლარის ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი.
უწყების განცხადებით, გამოძიება გრძელდება „კრისტალ ჯგუფის“ დანაშაულებრივი საქმიანობის შესწავლისა და იმ პირების დადგენის მიზნით, რომლებიც შესაძლოა დაკავშირებული იყვნენ აღნიშნულ ფაქტთან, მათ შორის საჯარო მოხელეები.
ვლადიმერ სტეფანიანს 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
დეველოპერული კომპანია “კრისტალ ჯგუფი” 2008 წლიდან ოპერირებს ბაკურიანში. კრისტალ ჯგუფმა საქმიანობა სასტუმრო ბიზნესით დაიწყო. განვითარების ახალ ეტაპზე კი კომპანიამ საფუძველი ჩაუყარა უძრავი ქონების მშენებლობასა და მართვას. ამჟამად, კრისტალი წარმოდგენილია კომპლექსურად: ყველაფერი ერთ სივრცეში და ჩამოყალიბდა ბრენდად, როგორც „კრისტალის საკურორტო ზონა“ ბაკურიანში.
"კრისტალ ჯგუფის" იგივე შპს ბაკურიანი ბიზნეს ჯგუფის 100%-იანი წილის მფლობელი ვლადიმერ სტეფანიანია. სტეფანიანს 2021 წელს "ქართული ოცნებისთვის" 50 000 ლარი აქვს შეწირული, 2018 წელს - სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებელი კანდიდატისთვის - 60 000 ლარი. 2012 წელს კი "ნაცმოძრაობისთვის" 2500 ლარი.




























