მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როდის უნდა დაიწყოს მსჯელობა სავალდებულო ვაქცინაციაზე? - ივანე ჩხაიძის მოსაზრება

6160324b0e11c
ინგა მურუსიძე
08.10.21 16:17
597
იაშვილის სახელობის კლინიკის პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელ ივანე ჩხაიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუკი ოქტომბრის ბოლომდე ვაქცინაციის მაჩვენებელმა არ მოიმატა, ქვეყანამ მის სავალდებულოობაზე უნდა დაიწყოს მსჯელობა. ამის შესახებ მან „მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„15 ოქტომბრიდან ვაქცინაციის გააქტიურების მიზნით იწყება ღონისძიებები, იგეგმება სოფლებში ჩასვლა, მოსახლეობასთან შეხვედრები და მათი მეტად ინფორმირება ვაქცინაციის მნიშვნელობაზე. თვის ბოლოსთვის უკვე ამ ყველაფრის შედეგი უნდა ვნახოთ და თუ ვაქცინაციის მაჩვენებელი არ მოიმატებს, უნდა დავიწყოთ იმ ბერკეტის გამოყენება, რაც ბევრმა ქვეყანამ უკვე გამოიყენა და ეს არის სავალდებულო ვაქცინაცია მიზნობრივ ჯგუფებში“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

შეგახსენებთ, მთავრობა არაერთი ღონისძიებების განხორციელებას გეგმავს და მათ შორის არის ე.წ. მარათონი სოფლებში. შერჩეულია 68 დასახლებული პუნქტი, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 3 000-ზე მეტია, ყველგან იმუშავებს ჯგუფი, რომელიც მოსახლეობას ვაქცინაციაში დაარწმუნებს. 

გარდა ამისა, ოჯახის ექიმები და ექთნები, რომლებიც 60 წელს ზემოთ მყოფი ასაკის მოქალაქეებს ვაქცინაციაში დაარწმუნებენ, ფულად ჯილდოს მიიღებენ.

ასევე, NCDC აპირებს, თითოეულ სოფელში გაგზავნოს ვაქცინაციის ოფიცრები, ე.წ. ვაქცინაციის აგიტატორები, რომლებიც კარდაკარ ივლიან და ყველასთან მივლენ ოჯახში, რათა ვაქცინაციაში დაარწმუნონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები