დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია გრიპის სიმპტომების გამოვლენისთანავე ექიმთან კონსულტაცია, რათა დადასტურდეს, ადამიანს კოვიდი აქვს თუ უბრალოდ - რესპირატორული დაავადება.
გამყრელიძის განმარტებით, თუ დადასტურდა და ადამიანს აქვს კოვიდი, კოვიდინფიცირებული პიროვნება დაუყოვნებლივ უნდა გადავიდეს თვითიზოლაციაში, დარეკოს 112-ზე ან დაუკავშირდეს თავის ოჯახის ექიმს და შემდგომი ნაბიჯები მასთან კონსულტაციით გადადგას.
"თუ ოჯახის წევრი ან თანამშრომელი არის კოვიდინფიცირებულის ახლო კონტაქტი, რომელსაც პირბადით დაუცველი კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულთან, აუცილებელია, ისინიც ყოველგვარი ტესტირების გარეშე გადავიდნენ თვითიზოლაციაში, მიმართონ ოჯახის ექიმს ან 112-ს და შემდგომი ნაბიჯები გადადგან მათი რეკომენდაციებით. ინფექციის გავრცელების ჯაჭვი რომ გაწყდეს, აუცილებელია, რომ ინფიცირებული ადამიანი და მასთან კონტაქტში მყოფი პირები დაუყოვნებლივ გადავიდნენ თვითიზოლაციაში“, - განაცხადა გამყრელიძემ.
ncdc-ის ხელმძღვანელი მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, დაიცვან რეკომენდაციები - პირბადე ღია და დახურულ სივრცეებში, დისტანციის დაცვა, ხელების ხშირი დაბანა და დიდი თავშეყრებისთვის თავის არიდება.