მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორ აფასებს ინვესტორთა საბჭო გადახდისუუნარობის შესახებ კანონპროექტს

5bc3116fc8a17
თელარა გელანტია
14.10.18 13:37
1085
ინვესტორთა საბჭოს მდივან მარიამ მეღვინეთუხუცესს იმედი აქვს, რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონი ძალაში უმოკლეს ხანებში შევა.

როგორც ინვესტორთა საბჭოს მდივანმა bm.ge-ის განუცხადა, 1 ოქტომბერს გამართულ ინვესტორთა საბჭოს მეცხრე სხდომაზე, გადახდისუუნარობის შესახებ კანონის პროექტი მსჯელობის ერთ-ერთი ძირითადი თემა იყო.

მისი თქმით, საბჭოს სხდომაზე ყურადღება დაეთმო გადახდისუუნარობის რეფორმასთან დაკავშირებულ კონსულტაციებს, რომელიც დასასრულს უახლოვდება და საბოლოო დოკუმენტი პარლამენტს უახლოეს პერიოდში წარედგინება.

„ამ ეტაპზე, ნამდვილად ეს არის სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯი - ბევრად უკეთესი კანონპროექტია, ბევრად ცხადია; ყველასთვის ცხადია, ვინ რას აკეთებს - აღსრულების ეროვნული ბიუროს ფუნქციები განისაზღვრა და განიმარტა, ამიტომ ამ ნაწილშიც წინგადაგმული ნაბიჯია და რეალურად ვფიქრობთ, რომ მოკლე ხანში უნდა შევიდეს ძალაში“, - განუცხადა bm.ge-ის მეღვინეთუხუცესმა.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, ჯერჯერობით, მთავრობის სხდომაზე არ გასულა.

როგორც ცნობილია, კანონს იუსტიციის სამინისტრო სხვა უწყებებთან და საერთაშოროსო ორგანიზაციებთან ერთად წერს. ახალი კანონის ამოქმედებისთანავე, ძალადაკარგულად გამოცხადდება „გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია, კრედიტორთა მოთხოვნების კოლექტიური დაკმაყოფილება, შესაძლებლობის შემთხვევაში რეაბილიტაციის მიღწევის ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში გადახდისუუნარობის მასის რეალიზაციიდან მიღებული თანხების განაწილების გზით.

შეგახსენებთ: საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მიმდინარე წლის ივლისში, პარლამენტში წარდგენისას თქვა, რომ გადახდისუუნარობის კანონის მიღებას დაააჩქარებდა.

„რამენაირად უნდა დავამთავროთ ე.წ გადახდისუუნარობა. იმიტომ, რომ ჩვენ ძალიან დიდი ხანია თავს ვიწონებთ რა მალე ვხსნით კომპანიას საქართველოში, სადღაც 40 წუთში იხსნება, თუმცა მეტად მნიშვნელოვანია, რამდენად მალე შეიძლება არაეფექტური ერთეული გავიდეს მეორად ბაზარზე. იმიტომ, რომ უამრავი აქტივი, უამრავი ეკონომიკური პოტენციალის მქონე აქტივი არის გაჭედილი იმიტომ, რომ გაკოტრება არ მოგვწონს, ცუდი სიტყვაა და სიკვდილის დაჩქარების კანონი არავის არ უნდა მიიღოს. მაგრამ არ არის ეს ასე. ეს ყველაფერი მომზადებულია და მე უახლოეს მომავალში, ამას დავაჩქარებ. ამის ლობისტი ვიქნები“, - აცხადებდა მაჭავარიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები