საქართველოს კაპიტალის ბაზარი რეგიონში სანიმუშო მაგალითია - ამის შესახებ JP Morgan-ის მმართველმა დირექტორმა, სტეფან უაილერმა BMG-ის "ბიზნესის კვირეულთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანას საერთაშორისო ობლიგაციების ბაზარზე თითქმის 20-წლიანი წარმატებული ისტორია აქვს, რაც ინვესტორებში ნდობას განამტკიცებს.
უაილერი იხსენებს, რომ JP Morgan საქართველოში ტრანზაქციებს 2007 წლიდან ახორციელებს, პირველი სუვერენული ევრობონდები კი 2008 წელს გამოიცა. მას შემდეგ საქართველომ საერთაშორისო ბაზრებზე 30 ტრანზაქცია განახორციელა, რომელთაგან 29-ის ფასილიტატორი სწორედ JP Morgan იყო.
"ჩვენ საქართველოში ძალიან ხანგრძლივი და საამაყო ისტორია გვაქვს. მახსოვს, საქართველოში პირველად 2005 თუ 2006 წელს ჩამოვედი. ტრანზაქციების განხორციელება კი 2007 წლიდან დავიწყეთ. პირველი სამთავრობო სადებიუტო ობლიგაციები 2008 წელს გამოვეცით. არ ვიცი, იცით თუ არა, მაგრამ საქართველოს მხრიდან საერთაშორისო ობლიგაციების ბაზრებზე 30 ტრანზაქცია განხორციელდა, JP Morgan-ს კი ერგო პატივი, შეესრულებინა მათგან ბოლო 29. ასე რომ, ხანგრძლივობის თვალსაზრისით, ძალიან დიდი ისტორია არსებობს, თითქმის 20 წლიანი. როგორც ვთქვი, განხორციელდა 30 სხვადასხვა ტრანზაქცია 10 სხვადასხვა მსესხებლის მიერ.
ამ ზომის ეკონომიკისთვის ეს საკმაოდ ბევრია. თუ ამას სხვა რეგიონულ პარტნიორებს შევადარებთ, სომხეთში მხოლოდ ორი მსესხებელი ჰყავთ. აზერბაიჯანს უფრო ნაკლები. უზბეკეთი უფრო დიდი ეკონომიკა და დიდი ქვეყანაა, და მათაც მსესხებლების დაახლოებით მსგავსი რაოდენობა ჰყავთ. მაგრამ რისი თქმაც და ხაზგასმაც აქ მინდა, არის ის, რომ არსებობს ხანგრძლივი ისტორია და ინვესტორები უკვე გარკვეული დროა აკვირდებიან საქართველოს. ასე რომ, ეს არ არის ახალი ამბავი.
ეს არის ისტორიის მქონე ამბავი, რომელიც ასევე მოიცავს ნდობასა და გაგებას. ნდობა კი დროთა განმავლობაში შენდება. ქვეყანაში ბევრმა მსესხებელმა ააშენა ეს ნდობა და შეასრულა დანაპირები. Silk Road Group, რომელთანაც TBC-სთან ერთად ვმუშაობთ, ამის ახლანდელი მაგალითია. ჩვენ ეს ისტორია 2019 წელს დავიწყეთ 11%-იანი ტრანზაქციით, შემდეგი გამოვიდა 8.37%-ად, ხოლო მომდევნო 7.5%-ად. ყოველ ჯერზე 100 მილიონით მეტი. და ეს აჩვენებს, რომ ბაზარს ესმის ეს ამბავი, თქვენ გაქვთ ნდობა და გაქვთ გამჭვირვალობა", - აღნიშნავს უაილერი.
JP Morgan-ის მმართველი დირექტორი BMG-ს გასულ კვირას, თიბისი კაპიტალის ორგანიზებით გამართულ კაპიტალის ბაზრების მეორე საერთაშორისო კონფერენციაზე შეხვდა. ინტერვიუში სტეფან უალერმა აღნიშნა, რომ კონფერენციის ზრდა საერთაშორისო ინვესტორებისგან საქართველოს მიმართ ინტერესის ზრდაზეც მიუთითებს.
"ფანტასტიკურია, რომ კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია საქართველოში უკვე მეორედ ტარდება, ამის მიზეზი კი ისაა, რომ პირველად მას დიდი წარმატება ჰქონდა. დღეს, როცა აუდიტორიას ვაკვირდებით, ვხედავთ, რომ ალბათ მისი ზომა ორჯერ გაიზარდა. ეს დიდი წარმატებაა, რადგან არსებობს სერიოზული ინტერესი ადგილობრივი პოტენციური მსესხებლებისგან, თუმცა, კონფერენციის ფარგლებში ახლა ბევრად მეტი საერთაშორისო ინვესტორიც გვყავს. ისინი კონფერენციას ხედავენ როგორც ეფექტურ პლატფორმას, საქართველოზე უახლესი ინფორმაციის მისაღებად, პოტენციურ და არსებულ მსესხებლებთან შესახვედრად და იდეების გასაცვლელად. ასევე, რათა ისაუბრონ საქართველოზე და მის საკრედიტო პერსპექტივებზე. ასე რომ, ვფიქრობ, ეს ძალიან დროული და ეფექტიანი პლატფორმაა თანამშრომლობისა და კავშირების დასამყარებლად", - განაცხადა JP Morgan-ის მმართველმა დირექტორმა.




























