მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ აფასებს სოსო ნიბლაძე მთავრობის ინიციატივას - „იმუშავე საქართველოდან“

5f10733952a49
თელარა გელანტია
16.07.20 22:40
1582
"ვფიქრობ, ეს პროექტი საქართველოს ცნობადობის ამაღლებას შეუწყობს ხელს“, - ასე აფასებს bm.ge-ისთან ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის აღმასრულებელი დირექტორი სოსო ნიბლაძე მთავრობის იმ ინიციტივას, რომელიც უცხოელებს, დისტანციურად, საქართველოდან მუშაობის შესაძლებლობას სთავაზობს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შემუშავებული პროექტის თანახმად, საქართველოს მთავრობა გამონაკლისის წესით დაუშვებს ყველა ქვეყნის მოქალაქის საზღვრის კვეთას, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე მინიმუმ 6 თვით ცხოვრების უფლება ექნება.

„საკმაოდ საინტერესო ინიციატივაა; საქართველოში ბინადრობის აღების კუთხით ბიუროკრატია საკმაოდ ნაკლებია. აქედან მუშაობით რომ უცხოელები დაინტერესდნენ და ამ კუთხით, ჩვენი ქვეყანა გახდეს პატარა ბიზნეს-ჰაბი, ეს ზოგადად, საქართველოს ცნობადობის ამაღლებასაც შეუწყობს ხელს“, - აცხადებს სოსო ნიბლაძე.

ცნობისთვის: ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, ქვეყნის ეტაპობრივი გახსნის სტრატეგიის ფარგლებში, მთავრობის საკოორდინაციო საბჭომ საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სპეციალური რეჟიმით შემოსვლის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. პროექტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და დავალებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად მოამზადა და გათვლილია იმ უცხოელებზე, რომლებიც არიან ფრილანსერები (თვითდასაქმებულები); მუშაობენ დისტანციურად ან შეუძლიათ, საკუთარი ბიზნესი მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან მართონ.

ინიციატივის მიხედვით, გრძელი ვადით შემოსული ვიზიტორის ქვეყანაში შემოსვლისთვის სავალდებულოა სამივე კატეგორიის მოგზაურმა შეავსოს სავალდებულო აპლიკაცია და მიიღოს ქვეყანის საზღვრის კვეთისთვის საჭირო წინასწარი დასტური. აპლიკაციაში პირები წარმოადგენენ პირად ინფორმაციას, ცნობას დამსაქმებლის ან კონტაქტორის შესახებ, წინასწარი დასტურს სავალდებულო 14 დღიანი კარანტინის გავლის თაობაზე და სხვ. მინისტრის განცხადებით, ე.წ. გრძელვადიანი ვიზიტორები 14-დღიანი კარანტინს კომერციული ტარიფით საკუთარი ხარჯით გაივლიან, ასევე განიხილება 6 თვიანი სამოგზაურო დაზღვევის ქონაც.

ნათია თურნავას თქმით, პროექტის ფარგლებში შემუშავდა განაცხადების მიღების პლატფორმა, რომლითაც გრძელვადიანი პერიოდით საქართველოში ყოფნის მსურველებს შეეძლებათ, რომ ისარგებლონ. „ინიციატივა ხელს შეუწყობს საქართველოში უფრო მეტად მხარჯველუნარიანი ვიზიტორების შემოსვლას“, - აცხადებს ეკონომიკის მინისტრი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები