მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორ აღვზარდოთ კარგი მკითხველი?

62713c29f0ced
BM.GE
03.05.22 18:27
1834
კითხვა საუკეთესო გზაა ბავშვების ინტელექტუალური, ემოციური თუ სოციალური განვითარებისათვის. თუმცა, დღეს, თითქმის ყველა მშობელი ერთსა და იმავე პრობლემის წინაშე დგას: ბავშვები დიდ დროს ატარებენ სმარტფონებსა თუ სხვადასხვა კომპიუტერულ მოწყობილობებთან და მაშინაც კი, თუ გაკვეთილებს რეგულარულად მაღალ დონეზე ამზადებენ და აკადემიური მოსწრებაც კარგი აქვთ, ურჩევნიათ თავისუფალი დრო ეკრანთან გაატარონ - უყურონ ტელევიზორს ან გაერთონ სხვადასხვა სოციალური ქსელით.

როგორ შევაყვაროთ ბავშვებს კითხვა? ბრიტანული ცენტრის წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლის ბიბლიოთეკისა და ქართული ენის კლუბის ხელმძღვანელი, თამარ ჭელიძე, ამ საკითხებზე ძალიან სასარგებლო რჩევებს გვთავაზობს:


1. წიგნებით დაინტერესება პატარებმა თვეების ასაკიდან უნდა დაიწყონ

ჩვილობის ასაკშიც კი შეგიძლიათ ბავშვებისთვის ფერადი, ხმოვანი ან ნაჭრის წიგნები შეიძინოთ. უკითხეთ მათ ისეთ ადრეულ ასაკშიც კი, როცა პატარებს სიტყვების გაგებაც კი არ შეუძლიათ - ასე ისინი ეჩვევიან ხმას და ინტონაციებს. წიგნები უკითხეთ არა მხოლოდ ძილის წინ, არამედ მაშინაც, როცა ამისთვის სულ ცოტა დრო მაინც გამოგიჩნდებათ: მაგალითად, სადილობისას (მობილური ტელეფონით გართობის ნაცვლად), პარკში შესვენებისას, წინასწარ დათქმულ "კითხვის დროს".

2. მიეცით მაგალითი

თუ გინდათ, რომ კარგი მკითხველი აღზარდოთ, თავადაც რეგულარულად იკითხეთ. შეგიძლიათ ოჯახში კითხვის საათი დააწესოთ. გაუზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები, ეს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

3. აარჩიეთ წიგნები მათთან ერთად

ერთად ესტუმრეთ ბიბლიოთეკას ან, თუნდაც, წიგნების მაღაზიას. მიეცით საშუალება თავად აარჩიონ წიგნები. გაუზიარეთ თქვენი შეხედულებებიც: აჩვენეთ ის წიგნები, რომლებსაც თქვენ კითხულობდით მის ასაკში.

4. არ დაუწესოთ ჯილდოები გარკვეული რაოდენობის გვერდების წაკითხვის სანაცვლოდ

ხშირად მშობლები სწორედ ამ გზას მიმართავენ იმისთვის, რომ ბავშვებს კითხვა აიძულონ. დიახ, ეს იძულებაა და წიგნის კითხვის სიყვარულთან საერთო არაფერი აქვს. ამ დროს თქვენ თავად უწყობთ ხელს, რომ კითხვა მათ მიერ გაღებულ მსხვერპლად იქცეს. გირჩევთ, ასე არ მოიქცეთ, წაკითხული გვერდების რიცხვი არაფერს ნიშნავს, თუ ბავშვი ამას ინტერესის გარეშე აკეთებს.


5. არ შეწყვიტოთ მათთვის წიგნების წაკითხვა მას შემდეგაც, რაც თავად ისწავლიან კითხვას

ეს ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია. ერთი მხრივ, ბავშვებში ეს წიგნის კითხვის ინტერესს აძლიერებს, მეორე მხრივ კი, თქვენ გაძლევთ უნიკალურ შესაძლებლობას, მათთან ერთად იმსჯელოთ ღირებულებებზე, კარგსა და ცუდზე, კეთილსა და ბოროტზე. რა უნდა იყოს შვილთან ამ საკითხების განხილვაზე მნიშვნელოვანი?

არ დაგავიწყდეთ, კარგი პედაგოგი ბავშვს სწორად ურჩევს რა წაიკითხოს, მაგრამ კარგი მკითხველის აღზრდა მშობლის ამოცანაც არის.



(R)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები