მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ აისახა საპენსიო ფონდში დაგროვილ თანხებზე მაღალი გლობალური ინფლაცია? - სააგენტოს განმარტება

6345b165d677b
ალა ისპირიანი
11.10.22 22:00
807
საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის ბოლო მონაცემებით, მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება ₾2.67 მლრდია. წმინდა ამონაგები, კი ₾375 მლნს შეადგენს. საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა ამჟამად 1 მილიონ 323 ათასი ადამიანია. აღსანიშნავია, რომ დაგროვებითი პენსიით სხვადასხვა კატეგორიის 2,576 პირმა ისარგებლა, მათზე გაცემული თანხა კი ₾6,2 მლნს აღემატება. 

იქიდან გამომდინარე, რომ საპენსიო ფონდში აკუმულირებული თანხების 80%-ის ჩადება ქვეყნის შიდა აქტივებში, ხოლო დანარჩენი 20%-ის გლობალურ აქციებში იგეგმება, ჯერ-ჯერობით ამ უკანასკნელში მხოლოდ 7,8%-ია გადატანილი.

საპენსიო სააგენტოს უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა გიორგი მელიქიძემ „საქმის კურსში“ თქვა, რომ აღნიშნული ფაქტი საქართველოს საპენსიო სააგენტოს სხვა ქვეყნებთან შედარებით მომგებიან მდგომარეობაში აყენებს, რადგან მაღალი გლობალური ინფლაცია ფონდს ნაკლებად შეეხო.

„ჩვენი მომგებიანობა ზრდას აჩვენებს. ნომინალურ ზრდას 4,7%-ით ვინარჩუნებთ. ამერიკული საპენსიო ფონდების გარდა, რეგიონში სხვა საპენსიო ფონდებსაც ვუყურებთ, მაგალითად, ესტონეთის, ყაზახეთის, სომხეთის და ხორვატიის. მათაც მნიშვნელოვანი შემცირება აქვთ, რადგან მათი ინვესტირება, ანუ პორტფელების წილი გლობალურ აქციებში და ობლიგაციებში გაცილებით დიდი იყო ვიდრე ჩვენი. ჩვენ გლობალურ აქციებში მხოლოდ 7,8% გვაქვს გადატანილი. გარკვეულწილად ჩვენც დაგვაწვა ეს შემცირება და განყენებული ვერ ვიქნებით გლობალური ბაზრებისგან, თუმცა ნაკლებად ვრცელდება ჩვენზე“, - ამბობს გიორგი მელიქიძე.

მან ასევე თქვა, რომ თანხა, რაც პენსიაზე გასვლის შემდეგ მოქალაქეებმა უნდა მიიღონ ამჟამად ₾375 მლნ-ია და მიუხედავად მაღალი გლობალური ინფლაციური ფონისა, საპენსიო ფონდი მიმდინარე წლის მანძილზე მაინც ზრდას ინარჩუნებს.

„გლობალური ინფლაცია გლობალურად თითქმის ყველა აქტივის კლასის, ფასში მნიშვნელოვან შემცირებას იწვევს. მიმდინარე წელი ყველაზე რთულია, რაც კი მსოფლიოს კაპიტალის ბაზრებს ჰქონია, რადგან პოსტკოვიდურმა პერიოდმა და ომმა მაღალი ინფლაციური ფონი გამოიწვია. მაღალი ინფლაციური ფონი გადაითარგმნა ცენტრალური ბანკების მიერ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკით. მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება საპროცენტო განაკვეთების გაზრდას ნიშნავს, ხოლო ამ განაკვეთების ზრდა ყველა აქტივის კლასს დააწვა და ისინი ფასში მნიშვნელოვნად შეამცირა. მიუხედავად ამისა ჩვენი საპენსიო ფონდი მიმდინარე წლის მანძილზე მაინც ზრდას ინარჩუნებს. საპენსიო ფონდის ამონაგები კი ამჟამად 375 მლნ ლარია“, - განაცხადა მელიქიძემ.

რაც შეეხება მოლოდინებს, საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი ამბობს, რომ მაღალ რეალურ ამონაგებს ფონდი სავარაუდოდ მომავალი წლის დასაწყისში დაუბრუნდება.

„საშუალო ვადიან და გრძელ ვადიან პერსპექტივაში ჩვენი ტაქტიკაა 20% -ი გლობალურ აქციებში და 80% საქართველოში მაღალ საპროცენტო განაკვეთში ინვესტირება და ეს მაღალ რეალურ ამონაგებს მოიტანს. ჩვენი მოლოდინია, რომ მომავალი წლის დასაწყისში და შუისკენ როცა ინფლაცია ერთნიშნა გახდება, ისევ მაღალ რეალურ ამონაგებს დაუბრუნდებით", - აცხადებს გიორგი მელიქიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები