ლარის გაუფასურებიდან გამომდინარე, ენერგეტიკოსი გია არაბიძე ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ტარიფების გადახედვას არ გამორიცხავს.
"არ არის გამორიცხული, მოხდეს ტარიფების გადახედვა, თუმცა ამ ბაზრის გახსნის შემდეგ, მიმაჩნია, რომ დავიწროვდება სემეკის მიერ ის სეგმენტი, რომელშიც მან უნდა არეგულიროს ტარიფები. ანუ აქ დარჩება მოსახლეობა, მცირე ბიზნესი და ა.შ, ამიტომ როდესაც სეგმენტი დავიწროვდება და ტარიფების რეგულირება უფრო იოლი იქნება, არ მგონია, მძიმე ტვირთად დააწვეს სამომხმარებლო ტარიფი მოსახლეობას.
პრობლემატურია ენგურის წილიც. თუ მას ("ენგურჰესის" ელექტროენერგიას) პირდაპირ მოსახლეობაზე წამოიღებ და გადაანაწილებ, ამ შემთხვევაში ბუნებრივია, მოსახლეობის ტარიფი საკმაოდ კარგად იგრძნობს თავს, სამაგიეროდ გაუარესდება სხვა დიდი მომხმარებლების ტარიფი", - განაცხადა მან bm.ge-სთან საუბრისას.
რაც შეეხება ბუნებრივ გაზს, იქიდან გამომდინარე, რომ მისი შესასყიდი ფასი აშშ დოლარშია ფიქსირებული, როგორც ენერგტიკოსი განმარტავს, ლარის გაუფასურებამ გაზის ტაიფზე შესაძლოა, უფრო მძიმედ იმოქმედოს, თუმცა სახელმწიფოს აქვს ბერკეტები, რომ მოსახლეობას ეს პრობლემა არ შეექმნას.
"გაზს რაც შეეხება, იქ ცოტა უკეთესი სიტუაცია აქვს სახელმწიფოს, იმიტომ რომ მას შეუძლია კომპანიების მისასყიდი გაზის თანხის შემცირება, მოგების შემცირების ხარჯზე და ამით გაზის ტარიფის დაბალანსება, თორემ მძიმედ იმოქმედებს....
გაზი მთლიანად დოლარშია ნაყიდი, ამიტომ იქ სერიოზული პრობლემა შეგვექმნება და სახელმწიფოს აქვს ბერკეტი, რომ მოგების მარჟის შემცირებაზე კიდევ ერთხელ იფიქროს, რომ მოსახლეობას სამომხმარებლო ტარიფი მძიმე ტვირთად არ დააწვეს", - აღნიშნა მან.
მოსახლეობის ტარიფთან მიმართებით მთავრობის ბერკეტებისგან განსხვავებით, გია არაბიძე აღნიშნავს, რომ კომერციული სექტორს საკუთარი პროდუქციის გაძვირება მოუწევს.
"ვინც კომერციულ გაზს ყიდულობს, ის თავის პროდუქციას გააძვირებს, მაგალითად, გაზგასამართი სადური. კომერციულ ფასს სახელმწიფო ვერაფერს მოუხერხებს. აქაც არის ერთი ვარიანტი - ახალი კანონის ძალაში შესვლის შემდგომ, როგორც ელექტროენერგიის, ისე გაზის ბაზარიც იხსნება. აქ მომწოდებლების კონკურენციაა შესაძლებელი. სულ ორი მომწოდებელი ჰყავს სახელმწიფოს - აზერბაიჯანის „სოკარი“ და რუსეთის „გაზპრომი“, თუმცა დარწმუნებული ვარ, სამომხმარებლო ტარიფს სერიოზულად არ შეცვლიან, თუნდაც სახელმწიფოს ხარჯზე", - აღნიშნა მან.

























