მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორ აპირებს ჯანდაცვის მინისტრი ფარმაცევტული ბაზრის მოწესრიგებას?

5d4d674d82746
ელენე გოგბერაშვილი
09.08.19 16:44
913

თითქმის ორი თვე ხდება, რაც ჯანდაცვის ახალი მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საქმიანობას შეუდგა.

რა ხედვით მოვიდა ის ყველაზე მსხვილბიუჯეტიან სამინისტროში? შეხვდა თუ არა ის ჯანდაცვისა და ფარმაცევტული სექტორის წარმომადგენლებს? როგორ აპირებს ფარმაცევტული ბაზრის მოწესრიგებას, რაზეც მინისტრად წარდგენის დღეს თავად ისაუბრა - ეს იმ კითხვების მცირე ჩამონათვალია, რომელიც bm.ge-ს აქვს და შესაბამის ადრესატებთანაც დასვა.

როგორც აღმოჩნდა დარგის წარმომადგენლებთან შეხვედრის სურვილი თუ ინიციატივა ახალ მინისტრს თავად არ გამოუთქვამს, თუმცა დაახლოებით, ერთი თვის წინ ეკატერინე ტიკარაძეს თავად ფარმაცევტებმა მიმართეს.

ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის ხელმძღვანელი ირინა ჭელიძე bm.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ მათ აინტერესებთ, რა იგულისხმა მინისტრმა ბაზრის მოწესრიგებაში და რა ცვლილებებს გეგმავს ის ამ მიმართულებით.

„ჩვენ მივმართეთ თხოვნით, რომ შეგვხვედროდა, მაგრამ არ გვაქვს ჯერ პასუხი. რადგანაც განაცხადა, რომ ფარმაციაში იქნება ცვლილებები, ამ კუთხით გვაინტერესებდა მასთან შეხვედრა. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა ხედვით მოვიდა და როგორ აპირებს ჩვენთან თანამშრომლობას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გვქონდეს კომუნიკაცია ჯანდაცვის სამინისტროსთან. ამ უწყებასთან აქტიურად ვმუშაობდით დავით სერგეენკოს დროს. ვფიქრობთ, ეცნობა ყველაფერს და ველოდებით, რომ აუცილებლად შეგვხვდება“, -აცხადებს ირინა ჭელიძე.

რა იგულისხმა მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ფარმაცევტული ბაზრის მოწესრიგებაში, ამ კითხვაზე მინისტრის მოადგილემ გვიპასუხა.

თამარ გაბუნია bm.ge-თან განმარტავს, რომ ფარმაციის კუთხით გარკვეული მიმართულებები უკვე განსაზღვრულია და მთავრობის წინასწარი ხედვაც არსებობდა ამაზე, რის მიხედვითაც სამინისტრო მიყვება პროცესებს. საუბარია, წამლის მწარმოებლებისთვის „GMP“ და „GDP“ სტანდარტებზე, რომელიც 1 ივლისიდან უკვე შევიდა ძალაში, თუმცა 2022 წლამდე ის მწარმოებლებისთვის ნებაყოფლობითია.

„რაც შეეხება წამლის კანონმდებლობას, ეს სფეროც განსაზღვრულია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში. ჩვენი კანონმდებლობა შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ევროდირექტივებთან. ახლა ჩვენ ვფიქრობთ და რა თქმა უნდა, ეს თემა გაიხსნება ყველა მხარისთვის, ჩამოყალიბდეს პროფესიული პლატფორმა საკანონმდებლო და სტრატეგიულ საკითხებზე სამუშაოდ და ეს ყველაფერი ჩატარდება ფართო კონსულტაციების რეჟიმში; სადღაც ოქტომბერში ინტენსიურად დაიწყება მუშაობა“, - აცხადებს მინისტრის მოადგილე და ირწმუნება, რომ სწორედ ამ ცვლილებებს გულისხმობდა ახალი მინისტრი, როცა ფარმაცევტული ბაზრის მოწესრიგება ჯანდაცვის უწყების პრიორიტეტად დაანონსა.

რაც შეეხება დარგთან კომუნიკაციას, გაბუნია ამბობს, რომ სამინისტროს მუშაობის ფორმატი არ შეიცვლება და ყველა მექანიზმი, რასაც იყენებდა უწყება საკონსულტაციოდ ფარმაცევტულ ასოციაციასთან თუ სხვა დაინეტერსებულ მხარესთან, გაგრძელდება და ამ პროცესში მინისტრიც ჩაერთვება.

„ჩვენთვის მნიშვნელოვნია ფარმაცევტული ბაზრის იმგვარად მოწესრიგება, რომ ჩვენი მოქალაქეებისათვის ხელმისაწვდომი გახდეს მაღალხარისხიანი მედიკამენტები. ასევე მთელი რიგი პრობლემებია დაკავშირებული სოციალურ სფეროსთან, დევნილებთან დაკავშირებით და შრომის უსაფრთხოება ჩვენთვის კვლავ დიდ გამოწვევად რჩება.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა არცერთი საკითხი და პრობლემა ყურადღების მიღმა არ დარჩეს და პერსპექტივაში რეგიონში ყველაზე წარმატებულ და ადამიანზე ორიენტირებულ სისტემას მივიღებთ“ - ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე წარდგენის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას, 18 ივნისს განაცხადა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები