მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ აპირებს მთავრობა EU-ის რეკომენდაციების შესრულებას? - სამოქმედო გეგმა დღეს გამოქვეყნდება

დარჩიაშვილი

EU-ის რეკომენდაციის სამოქმედო გეგმა დღეს გამოქვეყნდება, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

როგორც დარჩიაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სამოქმედო გეგმა უკვე გაგზავნილია ევროკომისიაში.

დარჩიაშვილის თქმით, ეს გეგმა არის გამოხმაურება იმ რეკომენდაციებზე, რომელიც საქართველომ მიიღო.

„დოკუმენტი შეიძლება შეიცვალოს მომავალშიც, რადგან საქართველო აქტიურად მუშაობს, მათ შორის თარიღებთან მიმართებით. ვეცდებით, ამ დოკუმენტის მიხედვით, მაქსიმალურად განვახორციელოთ ჩვენი აქტივობები. დოკუმენტის მიხედვით, არის ორი სახელისუფლებო შტო, რომელიც პასუხისმგებელია აქტივობებზე: საქართველოს მთავრობა და პარლამენტი“, - თქვა დარჩიაშვილმა.

რას მოიცავს დოკუმენტი?

საგარეო საქმეთა მინისტრმა თითოეულ რეკომენდაციასა და მათი შესრულების გეგმებზე ისაუბრა:

  1. დეზინფორმაციასთან, გარე საინფორმაციო მანიპულაციებსა და ჩარევასთან ბრძოლა. ილია დარჩიაშვილის თქმით, ამ მიმართულებით მოქმედებები გაორმაგდება. ილია სწორედ ამ მიზნით, საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ბიუჯეტი გაორმაგდება, რომ კომუნიკაცია უფრო ინტენსიური გახდეს. ‘სამინისტროში გვექნება შიდა სტრუქტურული ცვლილებები, რომ სამინისტროს შიდა სტრუქტურა იყოს უფრო ეფექტიანი და შედეგზე ორიენტირებული, როცა საქმე ეხება დეზინფორმაციასთან ბრძოლას“.
  2. ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს დაახლოების გაუმჯობესება. ილია დარჩიაშვილი: „ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას ევროკომისიასთან“, საქართველომ პრაქტიკულად 50%-ს მიაღწია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან განცხადებებზე მიერთებას. ეს მომავალშიც გაგრძელდება. საქართველო ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან თანხვედრაშია, თუმცა არის სენსიტიური საკითხები, რის გამოც საქართველოს განსხვავებული პოზიცია ჰქონდა“.
  3. შემდგომი მუშაობა პოლიტიკური პოლარიზაციის დასაძლევად, მათ შორის საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებთან ერთად მეტად ინკლუზიური საკანონმდებლო პროცესის უზრუნველყოფის გზით, განსაკუთრებით საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზე. „ამ მიმართულებით აქტივობები გაგრძელდება. ეს ნაწილი პარლამენტს ეკუთვნის და სწორედ პარლამენტი გააგრძელებს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას, ჩვენი ხელისუფლება გააგრძელებს ღიაობის პოლიტიკას იმისთვის, რომ ინკლუზიურობა იქნას უზრუნველყოფილი. იგეგმება ყველა საპარლამენტო პარტიის ჩართვა ევროინტეგრაციასთან და სხვა სამუშაო რეფორმებში“, - თქვა ილია დარჩიაშვილმა.
  4. თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა, განსაკუთრებით 2024 წელს და ეუთო/ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინება, საარჩევნო რეფორმების არჩევნებამდე დასრულება. ილია დარჩიაშვილი: „საქართველოს ხელისუფლება მზად არის, რომ მჭიდროდ ითანამშრომლოს ოდირთან, რომელიც აკვირდება არჩევნებს. ხელისუფლება დაინტერესებულია, რომ რაც შეიძლება ტრანსფარანტული და კონკურენტული არჩევნები ჩაატაროს ქვეყანაში. ეს ჩვენი მთავარი ინტერესია და ვითანამშრომლებთ ყველასთან, ვინც ამ პროცესში მიიღებს მონაწილეობას. საარჩევნო კოდექსში გასატარებელი ცვლილებების შესახებ რეფორმა, ისევე როგორც, პარტიების დაფინანსების საკითხების შესახებ ცვლილებები უკვე გატარებულია“.
  5. საპარლამენტო ზედამხედველობის აღსრულების შემდგომი გაუმჯობესება, უსაფრთხოების სამსახურზე, საკვანძო ინსტიტუციებზე, საარჩევნო ადმინისტრაციის, კომუნიკაციების კომისიისა და ეროვნული ბანკის ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა. ილია დარჩიაშვილი: „ეს აქტივობები პარლამენტმა უნდა გააგრძელოს. რეგულარული დიალოგები იქნება მხარდაჭერილი საქართველოს მთავრობის მხრიდან. აქვე ერთი კომპონენტია, ნდობის ჯგუფის შევსება და მას შემდეგ, რაც საპარლამენტო პარტიები ჩამოყალიბდება, მმართველი გუნდი მზად არის, რომ მხარი დაუჭიროს ამ საკითხს“.
  6. ჰოლისტიკური და სასამართლო რეფორმის დასრულება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და პროკურატურის ყოვლისმომცველი რეფორმის სახით. ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით. ილია დარჩიაშვილი: „ამ მიმართულებით დაიგეგმა რამდენიმე ფაზა საკანონმდებლო ცვლილებების, ერთი დეკემბერში განხორციელდება, ხოლო შემდეგი პაკეტი 31 იანვრის ჩათვლით, ხოლო ბოლო პაკეტი 2024 წლის 7 მარტისთვის“.
  7. ანტიკორუფციული ბიუროს სპეციალური საგამოძიებო სამსახურსა და პირად მონაცემთა დაცვის სამსახურის ეფექტიანობის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის შემდგომი უზრუნველყოფა. ილია დარჩიაშვილი: „ამ მიმართულებით მითითებული გვქონდა, რომ ველოდებოდით ვენეციის კომისიის დასკვნას, რომელიც მიღებულია. არის საკითხები, რომელიც საჭიროებს დამატებით კონსულტაციებს ვენეციის კომისიასთან მიმართებით. შესაბამისი კომუნიკაცია დაიგეგმება, რომ გავაგრძელოთ საკანონმდებლო ცვლილებები“.
  8. დეოლიგარქიზაციის არსებული სამოქმედო გეგმის გაუმჯობესება. ილია დარჩიაშვილი: „27 ნოემბერს ჩვენ უკვე მივიღეთ ეს გეგმა, რომელიც არის ძალიან სიღრმისეული, დეტალური, ფართო და ჩვენი ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ სწორედ ასეთი სიღრმისეული რეფორმა გავატაროთ ამ მიმართულებით. მუშაობა გაგრძელდება, რომ გეგმა შედეგზე იყოს ორიენტირებული“.
  9. ადამიანის უფლებათა დაცვის გაუმჯობესება, მათ შორის ადამიანის უფლებათა დაცვის ამბიციური გეგმის განხორციელება შეკრებისა და მანიფესტაციების თავისუფლების უზრუნველყოფის გზით, მიუკერძოებელი, დროული და ეფექტიანი გამოძიების დაწყება ინციდენტებზე, რომელიც ეხება დაუცველ ჯგუფებს, მედიაში მომუშავე პროფესიონალებისა და სამოქალაქო აქტივისტების მუშაობას და ძალადობაში მონაწილე ორგანიზატორების გასამართლებას. ილია დარჩიაშვილი: „ამ მიმართულებით ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას“.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ხელისუფლება ატარებს რეფორმებს და დგამს ნაბიჯებს, რომელიც რეალურად მოემსახურება ქვეყნის ევროინტეგრაციას.

„საქართველომ ევროკავშირისგან მიიღო პოლიტიკური პირობა, რომ ჩვენ აუცილებლად გავხდებით სრულფასოვანი წევრი და სამართლებრივად ამის საფუძველი შეიქმნა. ევროკავშირის ახალ გეოგრაფიულ კონტურებზე საქართველოს აქვს თავისი ადგილი და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს შეუქცევადი პროცესი მომავალშიც გაგრძელდეს“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

BMG დაინტერესდა ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაახლოების კონტექსტში ხომ არ შეიცვლება ქვეყნის პოზიცია ე.წ. „მაგნიტსკის სიის“ გახანგრძლივების შესახებ, ან, ან რა არის ის ეროვნული ინტერესი, რის გამოც, ამას არ ვაკეთებთ.

„ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა, რომელიც ოკუპირებულია და რომელსაც უამრავი გამოწვევა აქვს, ძალიან ფრთხილად მოქმედებდეს ამ მიმართულებით, ამიტომ ჩვენ გვაქვს მთავარი მიზანი, რომ ქვეყანაში მშვიდობა, სტაბილურობა იყოს უზრუნველყოფილი, ასევე, მაქსიმალურად ვცდილობთ ჩვენი საგარეო პოლიტიკა დავუახლოოთ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ გვაქვს 50%-იანი შედეგი. ამ მიმართულებით თითოეულ საკითხს ვუდგებით ყურადღებით და ვაცნობიერებთ, რომ ევროინტეგრაციაზე მყოფი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს სწორება იყოს ცალსახა. ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას. არ ვიცი „მაგნიცკის სიასთან“ დაკავშირებით საკითხი რატომ გახდა თქვენი ინტერესის საგანი. საქართველოს აქვს თავისი, დასაბუთებული პოზიცია და ეს პარტნიორებმა ეს კარგად იციან. გადაწყვეტილებას საქართველო არ შეიცვლის“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

კითხვაზე, რა სამიზნე მაჩვენებელი აქვს საქართველოს, რომლის მიღწევაც სურს, დარჩიაშვილი პასუხობს, რომ ამის ცალსახად თქმა ძალიან რთულია.

„ამჯერად შეგვაფასეთ იმ მაჩვენებლით, რაც ამ წლის ბოლოს გვაქვს და მომავალი წლის ბოლოსაც შეგვიძლია შედეგებზე ვისაუბროთ“, - თქვა მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები