"ბავშვების მხოლოდ 2%-დან 7%-მდეა ჩართული რეგულარულ ფიზიკურ აქტივობაში. ეს არის ტრაგედია", - ამის შესახებ განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისსტებთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, ფიზკულტურის გაკვეთილებს ბავშვები არ არიან მიჩვეულები და ამ გაკვეთილზე ან უბრალოდ არ შედიან, ან შედიან და არ არიან ფიზიკური აქტივობით დაკავებული.
როგორც მინისტრი ამბობს, ხშირ შემთხვევაში სკოლის დირექტორები ფიზკულტურის გაკვეთილის ჩაუტარებლობის მიზეზად ინფრასტრუტურის არარსებობას ასახელებენ, თუმცა, ჯეჯელავა აცხადებს, რომ არსებობს ისეთი აქტივობები, რომელსაც განსაკუთრებული ინფრასტრუქტურა არ სჭირდება.
მისი ინფორმაციით, დაითვალეს და საქართველოს სკოლებში ინფრასტუქტურის მოსაწყობად სულ 890 მილიონია საჭირო, რაც ამ ეტაპზე სამინისტროს არ გააჩნია. ამიტომ სამინისტრო ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვასა და ფიზკულტურის გაკვეთილების ჩატარების წახალისებას რამდენიმე ნაბიჯით აპირებს:
"ერთი მიმართულება არის სკოლის დაძალება - დირექტორებთან უკვე დავიწყეთ მუშაობა. აქამდე დირექტორებზე მითითება, რომ მიექციათ ყურადღება ბავშვების ჯანმრთელობისთვის, არ მოქმედებდა.
ჩვენი ამოცანაა, რომ ფიზიკურ აქტივობაში ჩავრთოთ მსუქანი და ნელა მორბენალი ბავშვები, რადგან ვინც ჯეირანია, ის ისედაც ჯეირანია. ვინც არ არის ჯეირანი, მას რამე უნდა მოვუხერხოთ. თან ჩემი სიმპატია მსუქანი და ნელა მორბენალი ბავშვების მიმართ ძალიან პირადია...დირექტორს ვეუბნებით, რომ მის შეფასებაში გავითვალისწინებთ, რამდენად არის ჩართული ფიზკულტურის გაკვეთილში ყველა ბავშვი...
მეორე არის ფიზკულტურის მასწავლებლების გადამზადება. ვაპირებთ, რომ ყველა ფიზკულტურის მასწავლებელი გადავამზადოთ. ამაში დაგვეხმარება სპორტული ფედერაციები. შეთანხებული ვართ 4 ფედერაციასთან - ფეხბურთი, ხელბურთი, ფრენბურთი და რაგბი...რასაც სჭირდება ძვირიანი ინფრასტრუქტურა ამ მიმართულებას სპეციალურად არ ვარჩევთ",- აცხადებს ჯეჯელავა.

























