პარლამენტს „საავტომობილო გზების შესახებ“ კანონში ცვლილებები შეაქვს. ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა შოთა ბერეკაშვილმა ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. მისი განმარტებით, საერთაშორისო მნიშვნელობის გზებზე გზისპირა ზონის არეალი ფართოვდება.
კანონპროექტით, საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე გზისპირა ზონის არეალი გზის ღერძიდან ორივე მხარეს 200 მეტრით განისაზღვრება. შესაბამისად, იმ ტერიტორიაზე, რომელიც მოექცევა აღნიშნულ ზონაში, ნებისმიერი სახის საქმიანობა დასაშვები იქნება მხოლოდ გზის მფლობელთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე.
"გახარია-საქართველოსთვის" პარტიის წევრი შალვა კერესელიძე დაინტერესდა რა გარანტია არსებობს იმის, რომ ახალი კანონი აღსრულდება, როცა დღეს არსებული 100 მეტრიანი რეგულაციაც ირღვევა.
"100 მეტრის შემთხვევაშიც კანონი დარღვეულია, რამაც ძალიან დიდი პრობლემები შექმნა და ამ პრობლემის მოგვარება ვერავინ შეძლო. ახლა არ მინდა ჩამოვთვალო კონკრეტული მაგისტრალები და ის ავტოსაგზაო ტრასები, სადაც ეს დარღვევები ხდება", - განაცხადა პარლამენტში გამოსვლისას კერესელიძემ.
"ქართული ოცნების" დეპუტატი შოთა ბერეკაშვილი აცხადებს, რომ მსგავსი დარღვევები შესაბამისმა უწყებებმა უნდა შეისწავლონ, ახალი კანონი კი ევროკავშირის მოთხოვნებთან შესაბამისობაშია.
"მომავალში 100-მეტრიანი რადიუსის ნაცვლად გვექნება 200-მეტრიანი რადიუსი. ასეთი რეგულაციები, როგორც აღვნიშნე, ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად არის შემუშავებული. თუმცა კანონის ფარგლებში არსებული და კანონით დაცული ობიექტები ამ კანონს არ დაექვემდებარება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ვინმეს კონკრეტული მშენებლობა არაკანონიერად აქვს განხორციელებული ან არასწორად არის დაკანონებული, ჩემი აზრით, შესაბამისი ქმედებები კანონის შესაბამისად უნდა განხორციელდეს. სადაც უკანონო საქმიანობა არსებობს, შესაბამისმა უწყებებმა უნდა აღკვეთონ მსგავსი საქციელი", - განაცხადა ბერეკაშვილმა.




























