„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის შეფასებით, „საჯარო პოლიტიკური აქტივობისთვის“ მეწარმე სუბიექტების ჯერ - ჯარიმით, შემდეგ კი პატიმრობით დასჯის მიზანი ადამიანების გაჩუმებაა.
„ამ ქვეყანაში ბიზნესი არასოდეს ყოფილა თავისუფალი კონკრეტული ხელისუფლების წნეხისგან... მაგრამ ბიზნესისთვის "საჯარო პოლიტიკური აქტივობის" აკრძალვის მიზანია დააშინონ, გააჩუმონ ადამიანები და ხმის ამოღება ვერავინ გაბედოს“, - განაცხადა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში.
პოლიტიკოსს ვკითხეთ, როგორ აპირებს ოპოზიციის ალიანსი ბიზნესის დარწმუნებას, რომ თავადაა სანდო ალტერნატივა, რაზედაც ზურაბ ჯაფარიძემ აქცენტი ევროატლანტიკურ კურსზე გააკეთა, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში შეჩერებულია. „ევროკავშირის წევრობა ბიზნესისთვის სტაბილურობის განცდას აჩენს“, - აღნიშნა მან.
- ბოლო პერიოდში, ბიზნესის [სამოქალაქო] ხმა სულ უფრო ნაკლებად გვესმის... ამ ფონზე, რატომ ექცევა „ოცნება“ ბიზნესს ასე - რა ახსნა შეიძლება მოვუძებნოთ მეწარმე სუბიექტების დასჯას ჯერ ჯარიმით და შემდეგ პატიმრობით „საჯარო პოლიტიკური აქტივობისთვის“?
- როდესაც ბიზნესზე ვსაუბრობთ, ხშირად ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ის რაღაც უსულო მასაა. სინამდვილეში, ბიზნესს წარმოადგენენ კონკრეტული ადამიანები - მფლობელები ან მეწილეები... ყველაფერი ადამიანებამდე დადის. ბიზნესმენებს ვუწოდებთ სოციალურად აქტიურ პირებს, რომლებიც რესურსებს აერთიანებენ და პროდუქტს ან მომსახურებას ქმნიან. ისინი, სხვა პროფესიებისგან განსხვავებით, რისკიანი ადამიანები არიან: იღებენ სესხს, დებენ საკუთარ ქონებას და ქმნიან ღირებულებას საზოგადოებისთვის. ამ რეგულაციების მიზანი სწორედ ასეთი აქტიური და რისკიანი ადამიანების მაქსიმალური გაჩუმებაა. მართალია, ბიზნესი აქამდეც არ გამოირჩეოდა პოლიტიკური აქტიურობით, რაც, ჩემი აზრით, საბჭოთა ტრადიციის გადმონაშთია - ამ ქვეყანაში ბიზნესი არასოდეს ყოფილა თავისუფალი სახელმწიფოსა თუ კონკრეტული ხელისუფლების წნეხისგან. ქვეყნის თავისუფლების ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი სწორედ მაშინ იქნება, როცა ბიზნესმენები გულღიად დააფიქსირებენ აზრს და მხარს დაუჭერენ ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალას მათი პროგრამების მიხედვით. ხელისუფლება კი ამას იმიტომ აკეთებს, რომ დააჩუმოს ავტორიტეტული ადამიანები, რომლებსაც ჰყავთ საკუთარი სოციუმი და ქმნიან სამუშაო ადგილებს; მათ აქვთ საზოგადოებრივი განწყობების კვლევები და ხედავენ, რომ ასობით მილიონიანი პროპაგანდის მიუხედავად, საზოგადოების განწყობა რეჟიმის, რუსეთისა თუ ევროკავშირის მიმართ უცვლელია - ხალხს ცვლილება და რეალური პროგრესი უნდა... როდესაც ხედავენ, რომ მეოთხე ვადაზე რეალურად ძალისმიერი მეთოდებით არიან და უკმაყოფილება არსად ქრება, მათთვის ნებისმიერი სოციალურად აქტიური პირი - იქნება ეს ბიზნესმენი, პროფესორი თუ სხვა, საფრთხეს და პრობლემას წარმოადგენს. მიზანი ერთია: დააშინონ, გააჩუმონ და ხმის ამოღება ვერავინ გაბედოს.
- თუ ბიზნესმა არ ირწმუნა ოპოზიციის სიძლიერის, მით უმეტეს ჩვენს რეალობაში, ხმას ვერავინ ამოიღებს - ყველას აქვს შიში, რომ ერთი ქაოსი მეორით არ შეიცვალოს... რა გეგმა აქვს ოპოზიციის ალიანსს - როდესაც სხვადასხვა სოციალურ ჯგუფთან კომუნიკაციის უფრო დეტალურ გეგმას წარადგენს, როგორ აპირებთ ბიზნესთან საუბარს? როგორ უნდა დაანახვოთ, რომ რეალური და სანდო ალტერნატივა ხართ?
- პირველ რიგში, მათ უნდა დავანახოთ, როგორი ქვეყანა წარმოგვიდგენია მომავალში. სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფს შესაძლოა განსხვავებული ხედვა ჰქონდეს, თუმცა არსებობს მთავარი კონსენსუსი: საქართველო უნდა გახდეს თავისუფალი, ცივილიზებული სამყაროსა და ევროკავშირის ნაწილი. გეოპოლიტიკურად სხვა არჩევანი უბრალოდ არ გვაქვს. ევროკავშირის წევრობა ბიზნესისთვის სტაბილურობის განცდას აჩენს. მიუხედავად იმისა, რომ ევროპულ ქვეყნებში სხვადასხვა იდეოლოგიის პარტიები მართავენ პროცესებს, იქ არსებობს ურყევი პრინციპები: დემოკრატიის მინიმალური სტანდარტები; კანონის უზენაესობა; დამოუკიდებელი მართლმსაჯულება; არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლის ტრადიცია. ეს არის ის მინიმუმი, რასაც ჩვენ ვთავაზობთ - ქვეყანა, სადაც იქნება თამაშის თანასწორი წესები ყველასთვის. ვფიქრობ, მომავალში მუდმივად კოალიციური მთავრობები გვეყოლება. საარჩევნო სისტემა შესაცვლელია, რაც ევროკავშირის ცხრა რეკომენდაციაშიც წერია და ახალი სისტემა სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების ჯგუფებს პროცესებში ჩართვის საშუალებას მისცემს. შედეგად, მივიღებთ გაცილებით სტაბილურ და მშვიდ გარემოს, სადაც უსაფრთხოების გარანტიები გაცილებით მაღალია. ევროკავშირი არის ტერიტორია, სადაც ბევრი ათწლეულია კონფლიქტები არ ყოფილა და ჩვენი მიზანია, საქართველო სწორედ ასეთ „სამშვიდობოს“ გავიყვანოთ. მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანია, ბიზნესმა დაინახოს რეალური ძალა, რომელსაც ცვლილებების მოტანა შეუძლია. დღეს მთავარი გამოწვევა სწორედ ეს არის: ადამიანებმა ირწმუნონ, რომ ქვეყანაში არსებობს ალტერნატივა და ეს ალიანსი სწორედ ამის კარგი საფუძველია.




























