მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ აპირებს პარლამენტი ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობას? - თამარ ტალიაშვილი ქალების ნარატივში

BM.GE
09.03.21 12:12
627

"მომდევნო თვეებში პარლამენტში აქტიურად ვიმუშავებთ ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის საკითხზე" - პარლამენტის წევრი თამარ ტალიაშვილი „ქალების ნარატივში“

 

ერთი საკანონმდებლო ორგანოდან მეორეში გადაინაცვლეთ - სად უფრო რთული ამ გადმოსახედიდან და უშუალოდ თქვენ სად უფრო მეტი ბერკეტი გაქვთ?

-გზა საკრებულოდან პარლამენტისკენ. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ევროპული სტანდარტი. ამას ევროპის ოქროს სტანდარტსაც ეძახიან, როცა პოლიტიკოსი არჩეულია ადგილობრივ თვითმმართველობაში და მერე ხალხი ხმას აძლევს ფედერალურ საპარლამენტო სისტემაში სამუშაოდ. ჩემი და ჩემი არაერთი კოლეგის გზა სწორედ ასე აეწყო - ადგილობრივი თვითმმართველობიდან პარლამენტში. ვფიქრობ, ამან დიდი გამოცდილება მომცა იმ თვალსაზრისით, თუ რა არის ხალხისთვის მნიშვნელოვანი. 

 

-რა არის ხალხისთვის მნიშვნელოვანი?

-ადგილობრივი თვითმმართველობა პრაქტიკულად ყველა სეგმენტსა და სექტორში უშუალოდ ეხება ადამიანებს, მოქალაქეებს. განათლება, ჯანდაცვა, სოციალური, კომუნალური საკითხები, ტრანსპორტი, გარემოს დაცვა - ეს ყველაფერი ერთად. აქ გაქვს კომუნიკაცია მოქალაქეებთან და ზუსტად იცი, რა არის ყველაზე დიდი გამოწვევები მათთვის. როცა ეს იცი, საპარლამენტო ორგანოში მეთი თავდაჯერებულობით გეგმავ მიზნობრივ პროექტებს და ხედავ პოლიტიკის განვითარებას ამა თუ იმ სექტორში. სხვა შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა, ეს ცოდნა არსებობს, მაგრამ ამ შემთხვევაში, ძალიან კონკრეტულ გამოცდილებას ეფუძნება.

 

-რას მოიცავს თქვენი აქტივობა ახალი მოწვევის პარლამენტში?

-ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო თემები, რომლებიც დაკავშირებულია ახალგაზრდებთან. პარლამენტში ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი ინიციატივა წამოვაყენეთ, რაც გულისხმობს, ახალ კონცეფციაზე მუშაობას და ასევე პოლიტიკის გაძლიერებას ახალგაზრდობის მიმართულებით, ახალგაზრდებში დასაქმების ხელშეწყობის თვალსაზრისით. კოვიდ-19-ის ზეგავლენა როგორც მსოფლიოში ჩატარებული არაერთი კვლევა აჩვენებს, განსაკუთრებით ხისტი აღმოჩნდა ახალგაზრდებთან მიმართებაში. აღმოჩნდა რომ, მსოფლიოს მასშტაბით, ყოველმა მე-6 ახალგაზრდამ დაკარგა სამსახური და ასევე უფრო მეტად გაუჭირდათ პირველი სამსახურის დაწყება. ეს გლობალური მოცემულობა და საქართველოში, ზოგადად უმუშევრობის მაჩვენებელი, კიდევ უფრო აქტუალურს ხდის იმას, რომ ჩვენ მოვბილიზდეთ და ხელი შევუწყოთ ახალგაზრდების დასაქმებას. ჩვენ მომდევნო თვეებში ამაზე პარლამენტში აქტიურად ვიმუშავებთ, ამ თვალსაზრისით გვერდში გვიდგას საერთაშორისო ორგანიზაციებიც. ჩვენთან ასობით ახალგაზრდული ორგანიზაციაა ჩართული სპორტის და ახალგაზრდობის კომიტეტში. ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან ერთად, საკოორდინაციო საბჭოს სათათბიროს მეშვეობით ვგეგმავთ, რომ ჩვენი ნაბიჯებსა და ახალგაზრდების ხედვებს შორის იყოს თანხვედრა და ეს მათი ჩართულობით განხორციელდეს. 

 

-უმუშევრობა მნიშვნელოვანი გამოწვევაა, უფრო კონკრეტულად, როგორ აპირებთ ახალგაზრდების დახმარებას?

-დასაქმების გამოწვევებთან მიმართებაში ახალგაზრდებში უფრო მაღალი მაჩვენებელია. აქედან გამომდინარე, საკითხის მოგვარებისთვის, მას უფრო ფართოდ და კომპლექსურად უნდა შევხედოთ. ჩვენ უნდა ვებრძოლოთ შედეგის მიზეზებს. აქ საინტერესოა, როგორია სკოლიდან პროფესიის არჩევაზე გადასვლის ეტაპი, როგორია პროფესიული განათლების სტანდარტები, როგორ ხდება სამუშაოს ძიება. ამ შემთხვევაში უცხოეთში მნიშვნელოვანი ფაქტორია ე.წ headhunter-ების ინსტიტუტი. საგულისხმოა, ეს რამდენადაა საქართველოში დანერგილი?! როგორია კომპეტენცია, რომლებსაც უნივერსიტეტებში თუ პროფესიულ სასწავლებლებში იძენენ ახალგაზრდები, რამდენად თანხვედრადია ბაზარზე არსებულ მოთხოვნებთან?! სხვადასხვა კვლევები გვიჩვენებენ, რომ შრომის ბაზარზე ხშირად არის სპეციალობები, რომლებზეც არის ვაკანსიები, მოთხოვნა, მაგრამ არაა ახალგაზრდების მზაობა. 

 

-რა ვადებში ელოდებით შედეგებს?

-ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შექმნილია ახალგაზრდობის პოლიტიკის კონცეფცია. მუშაობა მიმდინარეობს სამთავრობო დონეზე, პრაქტიკულად დასრულების ფაზაზეა ახალგაზრდობის პოლიტიკის სტრატეგია, რასაც მიებმება სამოქმედო გეგმა. სამოქმედო გეგმის შედეგად, ჩვენ უკვე გვექნება ძალიან კონკრეტული ხედვა, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას.  

 

-გარკვეული პერიოდის წინ აღნიშნეთ, რომ მედიაში ახალგაზრდების როლი შეიცვალა. რას გულისხმობთ?

-შეიძლება ითქვას, ესეც გასული თვის ძალიან საინტერესო ინიციატივა აღმოჩნდა. კომიტეტში დავაყენე ინიციატივა, რომ ევროპის საბჭომ 47-ვე წევრი ქვეყნის მასშტაბით შეიმუშავოს რეზოლუცია, რომელიც ეხება ახალგაზრდებისა და მედიის ურთიერთკავშირს. გასაძლიერებელია ახალგაზრდების ჩართულობა, ინტერესი, მათთვის უკეთესი შესაძლებლობების გაჩენა თანამედროვე საინფორმაციო საზოგადოებაში, მეორე მხრივ, მათი დაცვა თუნდაც, ე.წ hate speech-ისგან, ბულინგისგან, დეზინფორმაციისგან. ეს ევროპაშიც საკმაოდ აქტუალური გამოწვევა აღმოჩნდა. ამ ინიციატივამ ერთხმად მიიღო მხარდაჭერა. ჩვენ ამ თემაზე ევროპის საბჭოში მუშაობას ვიწყებთ. ისეთი პლატფორმები, როგორიცაა თუნდაც BMG, რომელიც სწორი ინფორმაციის მიწოდებაზეა ორიენტირებული, ძალიან დასაფასებელია. 

 

-როგორ აპირებთ ახალგაზრდების დაცვას თანამედროვე ტექნოლოგიების მავნე ზეგავლენისგან? კონკრეტული ინიციატივები თუ გაქვთ მომზადებული?


-მნიშვნელოვანია ვიყოთ შედეგზე ორიენტირებული, დაინერგოს ისეთი ინსტრუმენტები, რომლებიც ხელს შეუწყობს გამოწვევების იდენტიფიცირებას. ამასთან მნიშვნელოვანია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა საინფორმაციო, ინტერნეტ სივრცეში. 

ახალგაზრდები, რიგ შემთხვევებში საკუთარ პლატფორმებს ქმნიან და ეს შემოსავლის წყარო ხდება სოციალური მედია. 

შეგახსენებთ, რომ დღეს მიმდინარეობს რეორგანიზაცია სამინისტროს გაყოფის და 2 სამინისტროს შექმნის თვალსაზრისით, რაც სახელწმიფო პოლიტიკის დონეზე გააძლიერებს ახალგაზრდობის მიმართულებას. გვექნება ძალიან კონკრეტული საზედამხედველო ფუნქციის განხორციელების ბერკეტი, რადგან პარლამენტმა გაიძლიერა, საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად, საზედამხედველო ფუნქცია. ველოდებით, რომ ახალგაზრდობის მიმართულებით, ცვლილებები უახლოეს კვირებში განხორციელდება.

აღვნიშნავ, რომ ინტერნეტიზაცია საკმაოდ ძლიერი და მნიშვნელოვანი მიმართულებაა, პრობლემურია ნეგატიური - ბულინგის, ძალადობის წახალისების, დეზინფორმაციის, სხვადასხვა ქვეყნებში, თუნდაც, რასიზმის, დისკრიმინაციის შემცველი კონტენტი.

 

-როგორია თანამედროვე მედიის ზეგავლენა ახალგაზრდებზე?

-გააჩნია, რომელ პლატფორმაზე. „ქალების ნარატივს“ ერთმნიშნველოვნად გააჩნია პოზიტიური ზეგავლენა, განსაკუთრებით ახალგაზრდა ქალებზე, გოგონებზე, რომელთათვისაც ეს მოტივაციურია.  

 

-განვიხილოთ მსოფლიო არენაზე საკუთარი ხედვების დაფიქსირების საკითხიც...

-ჩვენი ქვეყნისთვის ევროინტეგრაცია არის დეოკუპაციის პირდაპირი და აუცილებელი გზა, აქედან გამომდინარე, ჩვენი გუნდი აქტიურად ვმუშაობთ, რომ საქართველოს ხმა იყოს ძალიან მკაფიო და პროგრესული საერთაშორისო არენაზე. მნიშვნელოვანია ახალი ინიციატივები. ამ მხრივ, გამოვყოფდი გასულ წელს, ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში, საქართველომ გააკეთა ფუნდამენტური, ძალიან მნიშნელოვანი განაცხადი, როდესაც შექმნა პირველი პრეცედენტი და დააკავშირა, მაგალითად, გარემოს დაცვა და ადამიანის უფლები - შესაბამისად, გარემოს დაცვითი უფლება, როგორც ადამიანის ფუნდამენტური უფლება.

 

-თქვენ რომელ ინიციატივას გამოყოფდით, რომლის წამოყენებასაც გეგმავთ?

-ინიციატივას, რომელიც ეხება ახალგაზრდებისა და მედიის საკითხის შესწავლას. კომიტეტზე სადაც ეს იქნა წარდგენილი, ერთხმად აღინიშნა, რომ ეს არის ის თემა, რომელზეც ძალიან დიდი სიამოვნებით იმუშავებენ ევროპის ქვეყნები და ისინი ჩაერთვებიან ამ თემაში. ჩვენ უნდა შევძლოთ, ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ გვაქვს პროგრესული იდეები და ჩვენი სიტყვა საერთაშორისო არენაზე კონკრეტული შედეგებისა და პროდუქტის შექმნაა, რაც არამხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ საერთაშორისო თვალსაზრისით იქნება მნიშვნელოვანი. 

 

-რა დაგრჩათ გამოწვევად?

-ჩემთვის ძალიან მნიშნელოვანია, რომ ყველა ნაბიჯი იყოს პროგრესული ხედვების გამოძახილი, რომელის ეფექტიანად განხორციელება შესაძლებელია მაშინ, როდესაც არის სამოქალაქო ერთობა. ჩვენ გვჭირდება სერიოზული და ფუნდამენტური საგანმანათლებლო სისტემა, ეკონომიკური სექტორის მობილიზება ახალგაზრდების პოტენციალის მაქსიმალური გამოყენებისთვის. მე აქ ვხედავ ჩემი გამოცდილების სიკეთეს საზოგადოებისათვის. პანდემიამ დაგვანახა, რომ არ ვიცით ხვალ რა გამოწვევას გვიმზადებს გარემო, ამიტომ დღეს უნდა შევასრულოთ ჩვენი ამოცანები. 

 

-თქვენი თინეიჯერული ოცნება რას უკავშირდებოდა პროფესიული კუთხით?

-ორიენტირებული ვიყავი აკადემიურ საქმიანობაზე, საკმაოდ ახალგაზრდამ დავიცავი დისერტაცია. კვლევითი, სამეცნიერო საქმიანობა იყო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ახლაც ასეა, საუნივერსიტეტო სივრცეში ვაგრძელებ ამ საქმიანობას. მაშინაც, როცა მე ვმუშაობდი ჩემს სამეცნიერო მიმართულებაზე ინტელექტუალური საკუთრების სამართალში, იმ დროსაც, ჩემთვის ეს იყო ერთ-ერთი გზა, რომ საქართველო შესულიყო ევროპულ წიაღში, სადაც საავტორო უფლებები, ინოვაციები არის წამყვანი, პროგრესის მამოძრავებელი ძალა. ამ მხრივაც, ახალგაზრდების როლი ძალიან მნიშვნელოვანია.





სტუმარი: თამარ ტალიაშვილი - პარლამენტის წევრი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები