ბლოგის ავტორია უძრავი ქონების გაყიდვების კომპანია „პროსპექტი“
როდესაც საქმე მანჰეტენს ეხება, დეველოპერებისთვის მთავარი გამოწვევა ყოველთვის ერთი და იგივეა - თავისუფალი მიწის რესურსის სიმწირე. თუმცა, 2010-იან წლებში კომპანია Related Companies-მა Oxford Properties Group-თან პარტნიორობით გადაწყვიტა, წესები შეეცვალა. მათ შექმნეს პრეცედენტი, რომელმაც უძრავი ქონების გლობალურ ინდუსტრიას დაანახა, რომ თუ მიწა ფიზიკურად არ არსებობს, ის შეიძლება ჰაერში, მოქმედი ინფრასტრუქტურის თავზე აშენდეს.
ასე დაიბადა Hudson Yards აშშ-ის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური კერძო დეველოპერული პროექტი, რომლის საინვესტიციო ღირებულებამ $25 მილიარდს გადააჭარბა.
პრობლემა - მიუწვდომელი 11 ჰექტარი მანჰეტენის ცენტრში
ათწლეულების განმავლობაში მანჰეტენის დასავლეთ ნაწილში (West Side) მდებარე 11-ჰექტარიანი ტერიტორია ქალაქის ურბანულ ქსოვილში „შავ ხვრელად“ რჩებოდა. აქ განთავსებული იყო Long Island Rail Road (LIRR)-ის აქტიური სარკინიგზო დეპო, საკვანძო სატრანსპორტო არტერია, სადაც ყოველდღიურად ასობით მატარებელი ჩერდებოდა და მოძრაობდა.
დეპოს გაუქმება ან თუნდაც დროებით გაჩერება ნიუ-იორკის სატრანსპორტო კოლაფსს გამოიწვევდა. მიწის შეძენა შეუძლებელი იყო, რადგან ის რკინიგზას ეკუთვნოდა. გამოსავალი ერთადერთი აღმოჩნდა. ჭკვიანური და ხარისხიანი არქიტექტურული ცოდნით, ცათამბჯენების აგება მოქმედი ლიანდაგების თავზე.
საინჟინრო გამოსავალი: 35 000-ტონიანი პლატფორმა
იმისათვის, რომ რელსებზე მრავალფუნქციური უბანი გაშენებულიყო, ინჟინრებს უპრეცედენტო ამოცანის გადაჭრა მოუხდათ:
ორი გიგანტური პლატფორმა: პროექტი ორ ნაწილად, აღმოსავლეთ და დასავლეთ ფაზებად გაიყო. ინჟინრებმა რელსების თავზე შექმნეს მასიური გადახურვა, რომლის ფოლადის კონსტრუქციაც ათიათასობით ტონას იწონის.
მიკრო-ხიმინჯები რელსებს შორის: მძიმე ტექნიკას მხოლოდ ღამით, მატარებლების მოძრაობის შემცირებისას შეეძლო მუშაობა. ასობით საყრდენი სვეტი და ხიმინჯი უშუალოდ აქტიურ ლიანდაგებს შორის არსებულ ვიწრო ჭრილებში ჩაიბურღა და პირდაპირ მანჰეტენის მყარ გრანიტის კლდეს დაუკავშირდა.
მიწისქვეშა სითბოს მართვა: რადგან პლატფორმის ქვეშ მოძრავი ელექტრომატარებლებისგან გამოყოფილი ტემპერატურა ზოგჯერ 60°C-მდე ადიოდა, ზედაპირზე არსებულ ნიადაგსა და მცენარეებს გადახურება ემუქრებოდა. ინჟინრებმა პლატფორმის შიგნით ჩააშენეს ჭკვიანი ვენტილაციისა და თხევადი გაგრილების ქსელი, რათა ზემოთ გაშენებული საჯარო პარკის 200-ზე მეტ ხესა და მცენარეს ფესვები არ დაწვოდა.
ციფრები და არქიტექტურული მაჩვენებელი
საერთო ინვესტიციის ღირებულებამ 25 მილიარს დოლარზე მეტი შეადგინა, ხოლო ამ პროექტმა 11 ჰექტარზე მეტი დაიკავა.
შეიქმნა A-კლასის საოფისე ფართები, პრემიუმ საცხოვრებელი რეზიდენციები, 100-ზე მეტი მაღაზია და რესტორანი, სკოლა და საჯარო პარკი.
მრავალფუნქციური ეკოსისტემის ძალა
პროექტის წარმატების საიდუმლო სინერგიაშია. სანამ საცხოვრებელი აპარტამენტები გაიყიდებოდა, პროექტმა საოფისე ცათამბჯენებში მოიზიდა ისეთი გლობალური გიგანტები, როგორებიცაა BlackRock, WarnerMedia, Wells Fargo და Meta. ბიზნეს-კომპონენტის გაჩენამ ავტომატურად შექმნა მოთხოვნა პრემიუმ საცხოვრებელ ბინებზე, რესტორნებსა და სერვისებზე.
ინფრასტრუქტურა, როგორც პროექტის კატალიზატორი
დეველოპმენტი განწირული იქნებოდა სატრანსპორტო ხელმისაწვდომობის გარეშე. ნიუ-იორკის მერიასთან პარტნიორობით, მეტროს No. 7 ხაზი პირდაპირ Hudson Yards-მდე გაგრძელდა. ინფრასტრუქტურის წინმსწრებმა დაგეგმვამ ახალი უბანი რამდენიმე წუთში დააკავშირა Times Square-თან და Grand Central-თან, რამაც ლოკაციის კომერციული ღირებულება გააორმაგა.
Hudson Yards არ არის მხოლოდ ნიუ-იორკის ახალი ტურისტული ღირსშესანიშნაობა. ეს არის იმის თვალსაჩინო მტკიცებულება, თუ როგორ შეუძლია გაბედულ საინჟინრო ხედვას და სწორად გათვლილ დეველოპერულ სტრატეგიას უსარგებლო, ინდუსტრიული სივრცე მსოფლიო დონის ფინანსურ და ურბანულ ცენტრად გარდაქმნას.





















