სათარჯიმნო ბიურო "თარგმნის სახლი" მომხმარებლებს სხვადასხვა სირთულის დოკუმენტების, მათ შორის ტექნიკური, იურიდიული და სამედიცინო ტექსტების პროფესიონალურ თარგმნასა და ნოტარიულ დამოწმებას სრულად დისტანციურად სთავაზობს. პლატფორმა მზა დოკუმენტების ადგილზე, საკურიერო მომსახურებით მიტანასაც უზრუნველყოფს - კომპანიის საქმიანობაზე "საქმიანი დილას" ეთერში მისი თანადამფუძნებელი საუბრობს.
თამარ პეტაშვილის განცხადებით, უკვე ერთი წელია, რაც "თარგმნის სახლში" შეკვეთის მიღებიდან დოკუმენტის ჩაბარებამდე მთლიანი პროცესი სრულად გააციფრულეს, რამაც მომსახურების სისწრაფე რეკორდულ მაჩვენებლამდე გაზარდა.
მისი თქმით, ტრადიციული ხელოვნური ინტელექტის მოდელები, როგორებიცაა ChatGPT, Gemini თუ Claude, ნოტარიული დამოწმებისთვის საჭირო ხარისხს, ქართული ტრანსლიტერაციისა და ფორმატირების წესებს სრულყოფილად ვერ ფლობენ, რის გამოც კომპანიამ არსებულ ტექნოლოგიებს საკუთარი გადაწყვეტა დააშენა.
"ჩვენ ვიფიქრეთ, რომ თუ ამ მოდელებს დავაშენებდით კიდევ სხვა კომპონენტებს, ვასწავლიდით ქართული ენის თავისებურებებს, გრამატიკასა და ფორმატირებას, რაც თარგმნის საქმეში ძალიან დიდ დროს მოითხოვს, შევძლებდით თარჯიმნის რესურსის დაზოგვას. დღეს შეკვეთები შემოდის ონლაინ, მომხმარებელი იხდის დისტანციურად, დოკუმენტი სისტემაში ავტომატურად მუშავდება და უკვე დაფორმატებული მიეწოდება თარჯიმანს. საქმის დაახლოებით 80% უკვე შესრულებულია, თარჯიმანი კი მხოლოდ ტექსტის შინაარსობრივ გამართვაზე მუშაობს. ამის შემდეგ ხდება ნოტარიული დამოწმება. შედეგად, იურიდიული და ფიზიკური პირები მზა დოკუმენტს ერთ ან ორდღიანი ლოდინისა და რიგში დგომის ნაცვლად, სულ რაღაც ორ საათში იღებენ," - აღნიშნავს თამარ პეტაშვილი.
დროის ეკონომია როგორც მომხმარებლის, ისე თარჯიმნის მხარეს მიიღწევა: დამკვეთს აღარ უწევს ფიზიკურად ნოტარიუსის ძიება და რიგებში დგომა, ხოლო სპეციალისტს ცხრილებისა და რთული ფორმატების აწყობაზე დრო აღარ ეხარჯება. იმ პირებისთვის კი, ვისაც დოკუმენტი ბეჭდური სახით ესაჭიროება, კომპანია კურიერის მეშვეობით მას პირდაპირ ოფისში ან საცხოვრებელ მისამართზე აწვდის.
პლატფორმის ძირითად მომხმარებლებს შორის საერთაშორისო ვაჭრობასა და ტენდერებში ჩართული კომპანიები არიან, სადაც მკაცრი დედლაინების გამო დრო გადამწყვეტი ფაქტორია. მომსახურებით აქტიურად სარგებლობენ იურიდიული ფირმები და საადვოკატო ბიუროებიც, მათ შორის საერთაშორისო ინსტანციებში დოკუმენტაციის გაგზავნის მიზნითაც.
"სერვისი ყველაზე მეტად სატენდერო სფეროსა და საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართულ კომპანიებს სჭირდებათ, სადაც ძალიან მკაცრი დედლაინებია და სახელმწიფო პირდაპირ ითხოვს, რომ ნებისმიერი დოკუმენტი ნათარგმნი და დამოწმებული იყოს. მათი მხრიდან დიდი კომფორტია ის, რომ ადგილზე მოსვლა აღარ უწევთ. გვქონდა შემთხვევა, როცა კომპანიას ტენდერის დედლაინამდე მხოლოდ ერთი საათი რჩებოდა, გადმოგვიგზავნეს ერთგვერდიანი დოკუმენტი და ნახევარ საათში უკვე დამოწმებული თარგმანი მივაწოდეთ, რაც დროულად ატვირთეს.
ასევე, ჩვენი აქტიური კლიენტები არიან იურიდიული კომპანიები - მსხვილი ფირმებიდან დაწყებული, მცირე საადვოკატო ბიუროებით დამთავრებული. მაგალითად, გვქონდა შემთხვევა, როდესაც სტრასბურგის სასამართლოში გასაგზავნ დოკუმენტაციაზე ვმუშაობდით. ჩვენი მომსახურება განსაკუთრებით ეფექტური სწორედ მაშინ არის, როდესაც საქმე დიდი მოცულობის დოკუმენტებს ეხება - ასეთ დროს, სხვებთან შედარებით, ბევრად უფრო სწრაფად ვახერხებთ მასალის მომზადებასა და დროულად მიწოდებას", - ამბობს თამარ პეტაშვილი.
თანადამფუძნებლის განცხადებით, ბოლო რვა თვის განმავლობაში "თარგმნის სახლი" ყოველთვიურად 20-30%-ით იზრდება, რაც გაციფრულებულ სერვისზე ბაზარზე არსებულ მზარდ მოთხოვნას ადასტურებს.
ამ ეტაპზე კომპანია ოთხ დამფუძნებელსა და 34 თარჯიმანს აერთიანებს, დოკუმენტების თარგმნას 21 ენაზე უზრუნველყოფს და ბაზრის მოცვის კიდევ უფრო გაფართოებას გეგმავს.






















